განადგურებული და მიწით დაფარული სახლები. კიდევ ერთი უმძიმესი ტრაგედია, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. გვიან ღამით სოფელ ნერგეეთში ჩამოწოლილმა მეწყერმა მიწის ქვეშ 9 ადამიანი მოიყოლა. 6 ადგილობრივის, მათ შორის არასრულწლოვნების ცხედრები მაშველებმა რამდენიმესაათიანი ოპერაციის შემდეგ იპოვეს, ეძებენ კიდევ 3-ს. ლაფით დაფარული სახლიდან სამაშველო სამსახურმა მხოლოდ ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლო.
ნერგეეთი მეწყერსაშიშ ზონაში იყო და ამის შესახებ არაფერი იცოდნენ ადგილობრივებმა, განსხვავებით ხელისუფლებისგან. მთავრობამ რეაგირების გარეშე დატოვა გარემოს ეროვნული სააგენტოს გასული წლის ანგარიში, სადაც პირდაპირ წერია, რომ ბაღდათის რაიონის სოფლებში გააქტიურებული იყო მეწყრული პროცესები, ნერგეეთი კი განსაკუთრებული რისკის შემცველ დასახლებებს შორის იყო. გაფრთხილების მიუხედავად, უკიდურესად სახიფათო ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაციაზე მთავრობას არც კი უფიქრია.