ნერგეეთში გლოვაა. 30-საათიანი უწყვეტი სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შემდეგ გამანადგურებელი სტიქიის შედეგად დაღუპული 9-ვე ადამიანის ცხედარი იპოვეს. ახლა სოფელში მძიმე ტექნიკა მუშაობს და ასუფთავებს ნასახლარებს, სადაც 4 ოჯახი ცხოვრობდა. აღსადგენია დაზიანებული ინფრასტრუქტურა და გასაწმენდია გზები რომელიც მიწის უდიდესი მასით არის დაფარული.
ბაღდათის გარდა სტიქიას ებრძვიან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მეწყრული პროცესები გააქტიურდა არაერთ რაიონში, თუმცა განსაკუთრებით რთულია ვითარება ხულოში, ქვიშხეთსა და სურამში. საფრთხის უმაღლესი დონის გამო ადგილობრივები სახლებს ტოვებენ, ნაწილი კი სამშველო სამსახურმა გაიყვანა. სიცოცხლისთვის საშიში ტერიტორიებიდან ათობით ოჯახია ევაკუირებული.