
"მინდა ვიცოცხლო!" - ამ სახელწოდებით აქციას ონკოპაციენტები, დღეს, 12 თებერვალს, კანცელარიასთან გამართავენ. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ცნობილია, რომ აქცია 12:00 საათზე დაიწყება.
"მინდა ვიცოცხლო! ჩვენ ვითხოვთ ჯანმრთელობის უფლებას!
ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება კანონით გვეკუთვნის ყველა მოქალაქეს, ყველა ადამიანს. დღეის მოცემულობით სახელმწიფოს ხელისუფლებამ ადამიანების სიცოცხლეზე დაგვიწესა ლიმიტი 25 000 ლარი წლიურად. ძალიან ბევრი წელი ონკოპაციენტები ვითხოვთ სახელმწიფოსგან, ყველასთვის ხელმისაწვდომ ჯანმრთელობის სერვისს.
მივიღეთ დაპირება, რომ 2024 წლის 1იანვრიდან, ყველა ონკოპაციენტს სრულად დაუფინანსდებოდა მკურნალობა. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული დაპირება არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან კანონში რომელიც დამტკიცდა წერია: სრულად დაფინანსება მოიაზრებს, წლიურად 25 000 ლარის ლიმიტს. რაც არ არის საკმარისი და არ ნიშნავს სრულად დაფინანსებას.
ყურადღების ნაცვლად, ონკოპაციენტები ვიღებთ, დეზინფორმაციას და ტყუილებს ჯანდაცვისგან. ეს არის ხელისუფლების წარმოუდგენლად სამარცხვინო მოპყრობა, საკუთარ მოქალაქეებთან.
სახელმწიფოს გულგრილობამ გვაიძულა მოვაწყოთ აქცია, საკუთარი ჯანმრთელობის უფლების დასაცავად! ვითხოვთ, ლიმიტის მოხსნას ონკოლოგიური პაციენტებისთვის! ვითხოვთ, ასევე დიაგნოსტირების და ყველა გამოჯანმრთელებული ონკოპაციენტისთვის აუცილებლად საჭირო, მკურნალობის შემდგომი გეგმური კვლევების, დაფინანსებას! ყველა ონკოპაციენტმა უნდა მიიღოს დროულად, სრულფასოვანი, უწყვეტი მკურნალობა! ეს პრობლემა ყველას გვეხება, პირდაპირ თუ ირიბად კიბოსთან შეხება უკვე ყველას გვქონია და ვიცით რა რთული გზის გავლა უწევთ მიმდინარე პაციენტებს. სამწუხაროდ, კიბო ძალიან არაპროგნოზირებადი დაავადებაა და არავინ ვიცით ხვალ ვინ აღმოვჩნდებით ამ პრობლემის პირისპირ!
სახელმწიფომ ყველანაირი გადარჩენის შანსი მოგვისპო, საზღვარგარეთის ქვეყნები აღარ იღებენ პაციენტებს და უკან აბრუნებენ, სამშობლოში ჩვენი მკურნალობისთვის გამოყოფილი თანხა ზღვაში წვეთია, სანამ ადამიანი შეძლებს დონაციით იმ სოლიდური თანხის შეგროვებას რაც გამოჯანმრთელებისთვისაა საჭირო, შეიძლება დამძიმდეს პაციენტის მდგომარეობა და ვერ გადარჩეს ადამიანი, ონკოლოგები ამბობენ რომ გონივრული ვადაგადაცილება მკურნალობის არის სამი დღე.
გელოდებით ყველას, მიუხედავად პოლიტიკური, პარტიული შეხედულებისა, ყველა მოძრაობას, ყველა ორგანიზაციას, ყველა ადამიანს, ვისთვისაც სიცოცხლე მნიშვნელოვანია. ჯანმრთელობა და სიცოცხლე გვინდა ყველას! ჩვენ არ ვნებდებით!
12 თებერვალს 12:00 საათზე ვიკრიბებით კანცელარიასთან!
ვხვდებით ახალ პრემიერს, სამუშაო დღის პირველივე დღეს მოთხოვნით, დააპრიორიტეტოს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა! კანცელარიასთან შევიკრიბოთ და ვთხოვოთ გულთან მიიტანოს ამდენი ადამიანის სიცოცხლისთვის ბრძოლა და რაც შეიძლება მალე გამოასწოროს ჯანდაცვაში არსებული პრობლემები!, - წერია განცხადებაში.