სტიქია ხაშურში და დაზარალებული მოსახლეობა - ხალხი უკვე მესამე დღეა დახმარებას ითხოვს.
სახლების ნაწილი წყალში დგას - განადგურებულია საყოფაცხოვრებო ინვენტარი, ტექნიკა და დახოცილია შინაური ფრინველი.
ხაშურელები ამბობენ, რომ არაერთხელ დარეკეს 112-ში, რომ სამაშველო ჯგუფებს წყალი ამოეტუმბათ, თუმცა ამ დრომდე მათთან არავინ მისულა.
სტიქია სამი დღის წინ დაიწყო, ძლიერი წვიმის შემდეგ ადიდდა მდინარე შოლა, რომელიც კალაპოტიდან გადმოვიდა და სახლები დატბორა. მოსახლეობა ამბობს, რომ კალაპოტი წლებია გასაწმენდია, ისინი ითხოვენ, რომ მდინარე ჯებირებიც გაუკეთდეს.
"შემოვარდა წყალი, ორჯერ ეზო დაიტბორა, შემდეგ წყალი, დაზიანდა ავეჯი თუ რამე იყო, სამზარეულო, საწოლები, [ვერ ამოტუმბეს?] არც იყვნენ ამოსატუმბად მოსულები არავინ არ იყო. დავრეკეთ კი არა, ავაფეთქეთ ალბათ მთელმა უბანმა. მაგრამ არც ამოსატუმბად არავინ მოსულა, კი არა და არავის მოვუკითხივართ დავიხრჩვეთ თუ რა ვქენით, წელამდე წყალი იყო", - ყვება ადგილობრივი.