არჩილ ტატუნაშვილის მკვლელი, დავით გურწიევი, დროებით ოკუპირებული ახალგორის "პროკურორი" ხდება

გამოქვეყნდა:

წითელი ცირკულარით ძებნილი პირი, დავით გურწიევი, დროებით ოკუპირებული ახალგორის "პროკურორი" ხდება. გურწიევი ის ძალოვანია, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის წამებასა და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული. ის მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. გურწიევი ფიგურირებს სხვა გახმაურებულ საქმეებშიც. მათ შორის, დავით ბაშარულის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებისა და ცხინვალის ციხეში, პატიმრების წამების საქმეში.

გურწიევის "პროკურორად" დანიშვნის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ახალგორელმა აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა გაავრცელა. მან ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტს" რუსულ ენაზე მიმართა და მოუწოდა, რომ გურწიევი ამ "თანამდებობაზე" არ დაენიშნათ.

"დავით გურწიევს ამზადებენ, უკვე გადაწყვეტილია, რომ ის გახდება ჩვენი რაიონის პროკურორი. დავით გურწიევი ვინც არ იცის, ის დაუსწრებლად არის გასამართლებული არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხზე...მე დავამტკიცებ, რომ ამ ადამიანმა ჩვენს წინააღმდეგ ჩაიდინა დანაშაულები და მან ამის გამო პასუხი უნდა აგოს და არა პროკურორის სავარძელში იჯდეს," - ამბობს მეარაყიშვილი.

აღნიშნულს საქართველოს ხელისუფლება არ გამოხმაურებია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "მთავარ არხს" განუცხადეს, რომ ამ თემაზე კომენტარს არ გააკეთებენ. ოპოზიციის წარმომადგენლები კი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ ახლა მაინც გადადგან ქმედითი ნაბიჯები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი