ბაღდათში გლოვის დღეებია - მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულ 2 ადამიანს დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილებენ. დედა-შვილს ზოია და შურა რობაქიძეებს სოფლის საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ტრაგედიიდან მეოთხე დღეს დამეწყრილ ნერგეეთში ჩასვლას პრემიერმინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები გეგმავენ. ირაკლი კობახიძე სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნობა და ოჯახებს მიუსამძიმრებს. მათი ვერტმფრენი ბაღდათში რამდენიმე წუთში დაეშვება.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე ჩამოწვა. მეწყერმა მოიყოლა 4 სახლი, სადაც ჯამში 10 ადამიანი იმყოფებოდა. სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს, რომელიც ამ დრომდე კლინიკაში რჩება. 9 პირი კი სტიქიურ უბედურებას ემსხვერპლა. მათ შორის, არასრულწლოვანებიც.