"ინტენსიურად მიმდინარე თოვლის დნობის პროცესს თან დაერთო უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა..." | გარემოს ეროვნული სააგენტო სტიქიურ პროცესებზე

გამოქვეყნდა:

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ გეოლოგების ჯგუფი, საქართველოს ტერიტორიაზე, განვითარებული სტიქიის ზონებში რჩება და მოვლენების შესწავლას ადგილზე აგრძელებს. მათი თქმით, აჭარაში დაფიქსირებულია მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, ხოლო იმერეთში მეწყრები.

სააგენტო ასევე წერს, რომ ბოლო დღეებში ინტენსიურად მიმდინარე თოვლის დნობის პროცესს თან დაერთო უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა წვიმის სახით, რომელმაც, თავის მხრივ, გამოიწვია სხვადასხვა სტიქიური პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.

"სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების 8 ჯგუფი, საქართველოს ტერიტორიაზე, განვითარებული სტიქიის ზონებში რჩება და მოვლენების შესწავლას ადგილზე აგრძელებს, მათ შორის 4 ჯგუფი აჭარაში, 3 იმერეთში და 1 შიდა ქართლის ტერიტორიაზე იმყოფება.

აჭარაში დაფიქსირებულია მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, ხოლო იმერეთში მეწყრები.

6 თებერვლიდან დღემდე გეოლოგების ჯგუფებმა შეაფასეს 189 ოჯახი, გატარდა საპრევენციო ზომები და მდგრად ადგილზე გადაყვანას დაექვემდებარა 94 ოჯახი. სააგენტოს სპეციალისტების მიერ, შემდგომი დამცავი და სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

ამ დროისათვის შიდა ქართლში (სოფ. ტაშისკარშის მიმდებარე ტერიტორიაზე), სადაც ადგილი ჰქონდა მეწყრული და ღვარცოფული პროცესის განვითარებას, სააგენტოს სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა თავიდან იქნებ აცილებული სტიქიის შემდგომი განვითარების რისკები.

აღსანიშნავია, ბოლო დღეებში ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალიტეტების (ბაღდათი, ხაშური, გორი, ლანჩხუთი, ვანი, სამტრედია, ჭიათურა, ხულო, ქედა) მასშტაბით, ინტენსიურად მიმდინარე თოვლის დნობის პროცესს თან დაერთო უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა წვიმის სახით, რომელმაც, თავის მხრივ, გამოიწვია ბუნებრივად ისედაც დაძაბულ ტერიტორიებზე სხვადასხვა სტიქიური პროცესების (მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, თოვლის ზვავი) ჩასახვა-გააქტიურება," - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე ჩამოწვა. მეწყერმა მოიყოლა 4 სახლი, სადაც ჯამში 10 ადამიანი იმყოფებოდა. სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს, რომელიც ამ დრომდე კლინიკაში რჩება. 9 პირი კი სტიქიურ უბედურებას ემსხვერპლა. მათ შორის, არასრულწლოვნებიც.

მანამდე კი აჭარის რეგიონში, ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებში სტიქიას 2 ადამიანი ემსხვერპლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი