
დღეს დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში "როსგვარდიასთან" ხელშეკრულების საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. მარიონეტული რეჟიმის ოპოზიცია ასლან ბჟანიას იწვევს და მისგან კითხვებზე პასუხებს ითხოვს.
საუბარია დროებით აფხაზეთის ე.წ. მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, მარიონეტული რეჟიმის "შინაგან საქმეთა სამინისტრო" რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიასთან შეთანხმების დადებას აპირებს.
დოკუმენტის მიხედვით, მხარეები საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, იარაღით ვაჭრობის კონტროლის და კულტურული კავშირების გაღრმავების მიმართულებით იმუშავებენ.
მარიონეტული რეჟიმის ოპოზიციის შეფასებით, ეს არის რუსეთის პირდაპირი ჩარევა მათი ე.წ. სახელმწიფოს შიდა პოლიტიკაში. ისინი "შს მინისტრს," რობერტ კიუტს მოუწოდებენ, უარი თქვას ამ შეთანხმებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მის გადადგომას მოითხოვენ.
"ასლან, ჩვენ ვხედავთ რას აკეთებ, შენ ხალხის გეშინია! გეპატიჟებით თავისუფლების მოედანზე 11 თებერვალს, 12:00 საათზე. თუ თავს აფხაზ კაცად თვლით, უპასუხეთ ჩვენს კითხვებს!" - წერს აქტივისტი ჯანსუხ ადლეიბა.