
ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს დაუსრულებლად შეგვიძლია ვიკამათოთ იმაზე, უნდა ისწავლებოდეს თუ არა ჰაგიოგრაფია საშუალო სკოლის დონეზე, ვიღაცას შეიძლება არ მოსწონს, მაგრამ სანიმუშო ქრისტიანი გაიზარდოს, ან ვიღაცას შესაძლოა მოსწონს და შემდეგ სტალინის ხატზე სალოცავად წავიდეს? ან შეგვიძლია სკურპულოზურად, საათების განმავლობაში გავაანალიზოთ ერთი არტისტის ერთი რიგითი ქანდაკება და შიგნით ათასი ჩვენთვის მიუღებელი შტრიხი თუ მოტივი აღმოვაჩინოთ - მაგრამ რატომღაც გაცილებით ნაკლები ენთუზიაზმით ვიხარჯებით რეალურ პრობლემებზე და განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ პრობლემებს ზუსტი მეცნიერებები ადგენს. ზუსტი გათვლების და მყარი ფაქტების სამყაროში ხომ ალტერნატიული აზრისთვის, კამათისა და პერსონალური სიმპათიებისა და ანტიპათიების ფრქვევისთვის ასე ცოტა სივრცე რჩება.
მაგალითად, როცა გეოლოგია, ზუსტი მეცნიერება ადგენს, რომ კონკრეტული ფერდობი მეწყერსაშიშია, და მათემატიკური გათვლები აჩვენებს, რომ მოწყვეტის შემთხვევაში ეს მასა ხალხს დახოცავს, და კლიმატის დინამიკა აჩვენებს, რომ რისკები წლების განმავლობაში მხოლოდ გაიზრდება, აქ კამათის და პირადი გემოვნების გარჩევის დრო კი აღარ არის. არამედ მოქმედების დროა. ხალხის გადარჩენის დროა.
თითქოს შოვის ტრაგედიიდან დასკვნები უნდა გამოგვეტანა, გაკვეთილი მიგვეღო. მაგრამ არა, აღმოჩნდა, რომ ბაღდათში მეწყრის რისკების შესახებ საუბარი ჯერ კიდევ 2 წლის წინ მომზადებულ ანგარიშშია. სანამ 9 ადამიანის სიცოცხლე არ დასრულდა, ამ გათვლებისთვის თვალის გასწორება არავის უფიქრია, იგივე მოხდა შოვშიც, იგივე ხდება ყოველთვის, როცა საზოგადოება რეალურ პრობლემებზე ფოკუსირების ნაცვლად, მისი ყურადღების გასაფანტად შემოგდებული სხვადასხვა სპეცეფექტებით ერთობა. ბაღდათში გარდაცვლილ 9 ჩვენი თანამოქალაქე კი დღეს იმავე მიწას მიაბარეს, რომელმაც მთელი მათი სამყარო ერთ წამში დამარხა.
ავტორი: ბექა ყორშია