საპროტესტო აქცია და ჩაშლილი სასწავლო პროცესი ხაშურის მუნიციპალიტეტში - ვაყის და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები ბავშვებს სკოლაში აღარ უშვებენ. პროტესტის ამ ფორმით მშობლები ხელისუფლების ყურადღებას ითხოვენ, რადგან სკოლის შენობა, რომელიც ავარიულად გამოცხადდა, უკვე მეორე წელია დაკეტილია. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ის რეაბილიტაციას ექვემდებარება.
სკოლის 200-ზე მეტ მოსწავლესა და მასწავლებელს ყოველდღიურად მეზობელ სოფელში, გომის სკოლაში უწევთ სიარული.
"გვპირდებიან ხან რეაბილიტაციას, ხან თავიდან აშენებას, მაგრამ არაფერი პასუხი არ არის. გვიწელავენ დროში...სასწავლო პროცესი შეჩერებულია, არ დადიან ჩვენი ბავშვები სკოლაში. ალტერნატივა რაც შემოგვთავაზეს, გომის სკოლა, უარეს მდგომარეობაშია," - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
მშობლები ხელისუფლებას ვადას კვირის ბოლომდე აძლევენ. თუ ვერ მიიღებენ პასუხს კითხვაზე, რა გეგმა აქვს ხელისუფლებას ვაყის სკოლასთან დაკავშირებით, ცენტრალური გზის გადაკეტვას გეგმავენ.