"რომ დაარტყა, მანქანა წაუყვანია და გაურეცხია... თვითონ არხეინად გაათენა და ჩემი შვილი გაიყინა" | დუშეთში დაღუპული ქვეითის დედა

გამოქვეყნდა:

"რომ დაარტყა, მანქანა წაუყვანია და გაურეცხია... თვითონ არხეინად გაათენა და ჩემი შვილი გაიყინა", - ამის შესახებ დუშეთში ავარიის შედეგად დაღუპული ქვეითის, გივი ლაშქარაშვილის დედა, გულნაზი ლაშქარაშვილი საუბრობს. 

მისი თქმით, პოლიციელი გივი ლაშქარაშვილს 6 თებერვალს, გამთენიისას დაეჯახა და ჯერ კიდევ ცოცხალი, დანაშაულის დაფარვის მიზნით იქვე ახლოს, თხრილში ჩააგდო.

"ესეთ ადამიანს არ უნდა ეპატიოს ასეთი რამ.. გამიმწარა, ასეთი შვილი მომიკლა და მიწას ამოაფარა.. ეგ როგორ უნდა დადიოდეს დედამიწაზე და როგორ უნდა სუნთქავდეს. თვითონ არ ჰყავს შვილები?
....გვიანი იყო, ტრანსპორტი არ იყო, რომ დაარტყა, მანქანა წაუყვანია, გაურეცხია, იქ სარკე მოტეხილი ჰქონია, მეორედ ჩასულა, მოუძებნია, დაუყენებია.. მან არხეინად გაათენა თავისი და ჩემი შვილი კიდევ იქ ყინვაში გაიყინა, ასეთი რამ ადამიანს როგორ შეიძლება.. ცხოველს უჩენენ და [როგორ შეიძლება] ადამიანობა არ გამოიჩინო" - ამბობს გულნაზი ლაშქარაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, თამაზ ბრაჭულს, რომელიც დუშეთში ქვეითის დაეჯახა, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ადგილზე მიატოვა და მიიმალა, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მომდევნო სხდომა 4 აპრილსაა ჩანიშნული.

კაცი 9 თებერვალს დააკავეს, ის შსს-ს რიგებში 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ირიცხებოდა. 
სასამართლოზე მან თქვა, რომ არ იცოდა, რომ 6 თებერვალს ღამით მოქალაქეს დაეჯახა. დაცვის მხარე 20 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობას აყენებდა.

ავტორი: დავით კობიძე 
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი