
თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, გმირთა მოედნიდან სანაპიროზე ჩამსვლელ გზაზე დამატებითი სამოძრაო ზოლი მოეწყობა. მერია ამბობს, რომ "ლაგუნა ვერეს" მიმდებარედ არსებული სამი ბენზინგასამართი სადგურის მესაკუთრეებთან ადგილმონაცვლეობაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია.
მერის თქმით, საკითხი დღეს გავა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, უახლოეს მომავალში კი საკრებულოში გაიგზავნება.
"გმირთა მოედნიდან სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელი ავტოსატრანსპორტო კვანძი, რომელიც ერთ-ერთი პრობლემური ადგილია დღეს დედაქალაქში. კონკრეტულად ეს არის ლაგუნას მიმდებარე ტერიტორია. ამ პროექტთან დაკავშირებით, როგორც იცით, გასულ წელსაც ვმუშაობდით ჩვენ, დავამუშავეთ სხვადასხვა სქემები, ასევე გაკეთებული გვქონდა ვიდეო მოდელირებაც, თუ როგორ შეიძლებოდა აღნიშნულის მოწესრიგება. ბევრი მიმართულებით მიმდინარეობდა განხილვა, იყო საუბარი შუქნიშნის დამონტაჟებაზე, ასე შემდეგ, ასე შემდეგ, თუმცა პრობლემა ვერ გვარდებოდა ისე, როგორც იყო საჭირო. აღნიშნული საკითხის შესწავლამ კიდევ უფრო ცხადყო, რომ საჭიროა ბენზინგასამართი სადგურების აღება და დამატებითი ზოლის მოწყობა", - თქვა კალაძემ.
მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ მოლაპარაკებები ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებთან ადგილმონაცვლეობაზე ვერ მოხერხდა, შემდეგ კი პანდემიის გამო პროექტი დროებით შეჩერდა.
"დედაქალაქში სხვადასხვა არეალებზე გამოვყოფთ ადგილებს, რომ მესაკუთრეებმა ბენზინგასამართი სადგურების გადატანა შეძლონ", - თქვა კალაძემ.
ფოტო: იაგო ხორბალაძე.