
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის განცხადებით, 13 თებერვალს, გელათის სამონასტრო კომპლექსში სპეციალისტების კიდევ ერთი ვიზიტი განხორციელდა. ვიზიტის მიზანი 5-6 თებერვლის სტიქიის შედეგების შესასწავლა იყო.
კომიტეტი ამბობს, რომ ტაძრებზე წყლის ინფლიტრაციის მიზეზების დასადგენად კომიტეტის წარმომადგენელი, არქიტექტორი და ჰიდროიზოლაციის სპეციალისტები იმყოფებოდნენ.
"სპეციალური მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების მეშვეობით, ჰიდროიზოლაციის სპეციალისტებმა, მგომარეობა შეისწავლეს.
კათედრალის დროებით გადახურვაზე სტიქიის შედეგად წარმოქმნილი წყლის ინფილტრაციის სამი კერიდან, ერთის აღმოფხვრა უკვე მოხერხდა. მიმდინარეობს დარჩენილი ორი დაზიანების კერის აღმოფხვრის ოპტიმალური მეთოდოლოგიის შემუშავების პროცესი და რამდენიმე დღეში აღნიშნული დაზიანებებიც აღმოიფხვრება", - აღნიშნულია განცხადებაში.
კომიტეტი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში წარმოდგენილი იქნება სრული ანგარიში, რომლებზეც ამჟამად კედლის მხატვრობის კონსერვატორები, არქიტექტორი და ჰიდროიზოლაციის სპეციალისტები ერთობლივად მუშაობენ.
8 თებერვალს ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელმა, თორნიკე ბარათაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია და კადრები, რომ 5-6 თებერვალს გელათის მონასტრის ტაძრებში წყალი ჩავიდა. მისი თქმით, ამჯერად წყლის ინფილტრაცია ძირითადი ტაძრის ნართექსშიც დაფიქსირდა, სადაც უძველესი XII საუკუნის ფერწერაა.