სინოდის წევრები დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლებას დადებითად აფასებენ. ისინი საკმარისად თვლიან სინოდის ჩართულობას დეკანოზის გათავისუფლებაში - "რასაკვირველია [სინოდის ჩართულობა] საკმარისია იმიტომ, რომ სინოდია. სულ ვიხსენიებდით ლოცვებში" - ამბობს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მეუფე მიქაელი.
თუმცა, მისთვის უცნობია რა იგულისხმა დეკანოზმა, როდესაც თქვა, რომ ბრძოლას გააგრძელებს - "რა ბრძოლაზეა საუბარი არ ვიცი, არ ვიცი რას ფიქრობს თვითონ, რა აქვს ჩაფიქრებული" - ამბობს მეუფე მიქაელი.
"მადლობა ღმერთს, გამიხარდა რომ გათავისუფლდა. ვერ გეტყვით, რომ მის პოზიციას რამეში ვიზიარებ, მაგრამ ის რომ ციხეში არ არის კარგია" - ამბობს "მთავართან" საუბარში ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი.
სასულიერო პირი არ ელოდება, რომ ე.წ. ციანიდის საქმე სხვა მიმართულებით გაგრძელდება.
შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ გასულ ღამეს ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. მას ე.წ. ციანიდის საქმეზე 9 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის თებერვალში დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით და "ციანიდის" გამოყენებით პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის, მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ.