დიდი ალბათობით, საჭირო გახდება სამკურნალოდ მისი საზღვარგარეთ გადაყვანა | თორნიკე მამალაძე

გამოქვეყნდა:

დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების საფუძველი მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და პატრიარქის მდივან რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის ხელწერილი გახდა - განცხადება ამის შესახებ დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაა "დღის სტუმარში" პირდაპირი ჩართვის დროს გააკეთა.

როგორც მამალაძე განმარტავს, მისი ძმა საპატიმროდან უპირობოდ გაათავისუფლეს: 

როგორც იურისტმა ამიხსნა, არანაირი პირობა არ დევს, არც სამაჯური არც შინაპატიმრობა, არ პირობითი. დასაბუთება იყო, როგორც ადვოკატი ამბობს, ჯანმრთელობის გაუარესება და ამ საქმეში ე.წ. დაზარალებულის, შორენა თეთრუაშვილის ხელწერილი. ეს ორი ფაქტორი იყო ამ საქმეში" თქვა მამალაძემ.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, მისივე თქმით, დეკანოზის მდგომარეობა კრიტიკულია, მას დაწყებული აქვს კუნთების ატროფია და სავარაუდოდ სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანენ: 

"უახლოს დღეებში დიდი ალბათობით, საჭირო გახდება მისი საზღვარგარეთ გადაყვანა, გამომდინარე იქიდან, რომ ის ექიმები, რომლებიც შედიოდნენ საპყრობილეში და უტარებდნენ კვლევებს, მათი რეკომენდაცია იყო, მათ შორის სახალხო დამცველის წარმომადგენლებისაც, რომ საქართველოში მისი მკურნალობა შეუძლებელი იყო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საზღვარგარეთ მოხდება მისი გადაყვანა" ამბობს თორნიკე მამალაძე.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ გასულ ღამეს ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. მას ე.წ. ციანიდის საქმეზე 9 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის თებერვალში დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით და "ციანიდის" გამოყენებით პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის, მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ.

ცნობისთვის, "მთავარმა არხმა" მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც  2022 წლის 17 ოქტომბრით თარიღდება. დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ საქმის ერთადერთი "დაზარალებული," შორენა თეთრუაშვილი, ბრალდებულს აღარ უჩიოდა და მზადყოფნას გამოთქვამდა, დეკანოზის პატიმრობა პროკურატურას შინაპატიმრობით შეეცვალა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი