ეროვნული ბიბლიოთეკის ახლადდანიშნული დირექტორი ესპანეთში გაემგზავრა და სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

ეროვნული ბიბლიოთეკის ახლადდანიშნული დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია, ესპანეთში ვიზიტით 
გაემგზავრა და ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა - ინფორმაციას და ფოტომასალას სოციალურ ქსელში ბიბლიოთეკა ავრცელებს:

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია და საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი ესპანეთში იმყოფებიან. 

14 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები საქართველოს საელჩოში ესპანეთის სამეფოს საქმეთა დროებით რწმუნებულ ნატო ჩიქოვანთან ერთად ქალაქ მადრიდში მდებარე  ქართულ საკვირაო სკოლას ესტუმრნენ. მათ საკვირაო სკოლის მოსწავლეებს  ქართული წიგნები გადასცეს საჩუქრად. ქართველმა ბავშვებმა შეხვედრაზე ქართული სიმღერები შეასრულეს და სტუმრებისადმი მადლიერება ასე გამოხატეს. 

15 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ესპანეთში საქართველოს კონსულთან თეიმურაზ ბასილაიასთან ერთად მადრიდის ბუკინისტური მაღაზიები დაათვალიერეს. 

ვიზიტის უმნიშვნელოვანესი შედეგი: მალე ეროვნულ ბიბლიოთეკაში „დონ კი ხოტის“ ერთ-ერთი ისტორიული და იშვიათი გამოცემა დაიდებს ბინას. ჩვენი ფონდის ნაწილი გახდება აგრეთვე XVI საუკუნის დასაწყისში დაბეჭდილი ერთ-ერთი ცნობილი ავტორის უნიკალური წიგნი. მას შემდეგ, რაც ეს გამოცემა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდს გადაეცემა, ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ყველაზე ძველი გამოცემის თარიღი რამდენიმე ათეული წლით უკან გადაიწევს. 

16 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია ესპანეთის სამეფოს ეროვნულ ბიბლიოთეკას ეწვევა, - წერს ეროვნული ბიბლიოთეკა.

შეგახსენებთ, რომ კონსტანტინე გამსახურდია ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პოსტზე იანვარში მას შემდეგ დაინიშნა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გიორგი კეკელიძე გაათავისუფლა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი