ეკოციდი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში - "მოძრაობა ბრაკონიერების წინააღმდეგ" სოციალურ ქსელში კადრებს ავრცელებს და წერს, რომ ვაშლოვანის ხევში, საველე მონიტორინგისას, ასობით დახოცილი პირუტყვის [ვირის, ცხენისა და სხვა ცხოველების] ნარჩენები აღმოაჩინეს.
მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ადგილზე სრული ანტისანიტარიაა, დახოცილი ცხოველების ხორცი, სავარაუდოდ, ბაზარზე სარეალიზაციოდაა გასული.
"პირდაპირ არის გადაყრილი ხევში და ირგვლივ, თქვენც ხედავთ, რა მდგომარეობაა. მიდის პირდაპირ ხრწნა, ხრწნის პროცესი. არის საშინელი ანტისანიტარია. ეპიდემიური თვალსაზრისითაც, ალბათ, საგანგაშო სიტუაციაა," - ამბობს მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, კობა მათითაშვილი.
ცნობისთვის, ადგილობრივებმა ოფიციალურ უწყებებს აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე აცნობეს. ადგილზე გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. თუმცა, მათ განცხადება არ გაუვრცელებიათ და ჯერჯერობით არც გამოძიება დაწყებულა.