სიცოცხლისთვის საშიში კორპუსი ბაღდათის მუნიციპალიტეტში - ქალაქის ცენტრში, წერეთლის ქუჩაზე, განახლებული რეგიონების ფარგლებში, კორპუსების სახურავები შეცვალეს. ფასადური რეაბილიტაციის შემდეგ კორპუსში, სადაც 40-მდე ოჯახი ცხოვრობს წყალი ჩადის, ჭერი დაზიანებულია, იატაკი კი დეფორმირდა.
ადგილობრივები შიშობენ, რომ ცუდად გადახურული სახურავის გამო, ჭერი შესაძლოა ნებისმიერ დროს ჩაინგრეს. ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ.
"არასწორად დახურეს სახლი, ცალ გვერდზე დახურეს, თოვლი ცალ გვერდზე აწვება და შეიძლება სახლიც გადაბრუნდეს. სახლი ავარიულია, ბინაში წყალი ჩამოდის, კედლები აღარ ვარგა, პატრონი არავინ არაა. გააკეთეს ფულის გულიზა, ფული რომ ეშოვათ და ეს იყო მაგათი გაკეთება, მეტი არაფერი. რა უნდა ველაპარაკოთ, მთავრობა სად არის საერთოდ, არის სადმე?" - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.