საავტორო უფლებების გარშემო მიმდინარე პოლიტიკური სპეცოპერაცია, ბოლო რამდენიმე კვირაა, განსაკუთრებით მძიმე ფაზაში გადავიდა. საავტორო უფლებათა ასოციაციიდან, რომელსაც ხელოვნური ბარიერების წყალობით აკრედიტაცია უკვე ჩამოართვეს, ამოღებული იქნა ფინანსური დოკუმენტაცია, და კომპიუტერები. მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებები კი სახელმწიფომ ავტომატურად, ისე რომ უცხოური მხარისთვის არც უკითხავს, გადასცა მისთვის მისაღებ და მისივე დახმარებით შექმნილ მეორე ანალოგიურ ორგანიზაციას.
სამართლებრივი აბსურდის თეატრში კი კიდევ მრავალი აქტია. მათ შორის არის საავტორო უფლებათა ასოციაციის წესდებაში შეტანილი ცვლილებების 12-ჯერ დახარვეზება საჯარო რეესტრის მხრიდან, რის შემდეგაც შეუჩერდა კიდეც აკრედიტაცია სამიზნეში ამოღებულ ორგანიზაციას. ამასთან, ხელისუფლების დახმარებით შექმნილ გერას, რომელსაც სახელი ცოტა ხნის წინ შეუცვალეს, რუსეთის საავტორო უფლებათა ორგანიზაცია დაახლოებით იმდენივეს უხდის, რამდენსაც დიდ ბრიტანეთის ანალოგიურ ორგანიზაციას. ეს კი აჩენს ეჭვს, რომ მოსკოვიდან წამოსული და მუსიკოსებისა და მწერლებისთვის გადახდილი ეს ფული შესაძლოა რუსული ჰიბრიდული ბრძოლის იარაღად გამოიყენება.