საუბარი არაა მასიურ ევთანაზიაზე | ბითაძე განმარტავს რას მოიცავს შინაურ ცხოველებზე ინიცირებული კანონპროექტი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" წევრმა, მაია ბითაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ", რომელზე მუშაობაც მომდევნო ორი თვის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. 

ბითაძე ბრიფინგზე "10 ცრუ ნარატივს" გამოეხმაურა, რომელიც მისი თქმით, "მიზანმიმართულად ხორციელდება იმისთვის, რომ კანონი არ იქნას მიღებული" და ადამიანები შეცდომაში შევიდნენ. 

ბითაძე განმარტავს, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ცხოველების მასიურ ევთანაზიას:

"კანონპროექტში მსგავსი არაფერი წერია! მოქმედი კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს 2023 წლის მარტიდან და ასევე, კანონპროექტით ევთანაზიის შემთხვევები პირდაპირ უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებს, მათ შორის, ცოფს (რომელსაც 100%-იანი ლეტალობა აქვს), დადგენილია ვეტერინარის სპეციალური დასკვნის სავალდებულოობა, დადგენილია სხვადასხვა შემთხვევებისათვის ცხოველზე დაკვირვების 10 დღიანი, 45-დღიანი და 6-თვიანი დაკვირვების ვადები. აღნიშნული რეგულაცია ვეტერინარების, ცხოველთა დამცველებისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავებულია და დადგენილია მთავრობის დადგენილებით, რომელიც ბევრად ჰუმანურია, ვიდრე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედი წესები".

უპატრონო ცხოველის შეყვანაზე სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში, ასევე კვების ობიექტებში:

"მოქმედი კანონმდებლობით წლებია აკრძალულია და ისჯება 8 ლარით პატრონიანი ცხოველის შეყვანა კვების ობიექტებში, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში. კანონპროექტით უფრო მოქნილად არის ჩამოყალიბებული მოქმედი აკრძალვა, კერძოდ შესაძლებელი იქნება მცირე და დეკორატიული ცხოველის შეყვანა ხელში აყვანით, ჩანთით ან გადამყვანით (მეპატრონის სურვილის შესაბამისად) ყველგან, გარდა იმ საზოგადოებრივი დაწესებულებებისა, რომლებიც თავად აკრძალავენ ცხოველის შეყვანას. გარკვეული აკრძალვა იმოქმედებს მხოლოდ პატრონიანი დიდი ძაღლების შემთხვევაში.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების, სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, საავადმყოფოების, კვების ობიექტების შიდა ტერიტორიებზე, საბავშვო და სპორტულ მოედნებზე, ასევე, იმ საზოგადოებრივ დაწესებულებებში, რომლის მეპატრონეებიც თავად აკრძალავენ პატრონიანი დიდი ზომის ძაღლის შეყვანას. ამ შემთხვევაში, ისინი ვალდებულნი იქნებიან საგანგებოდ განათავსონ ცხოველის მისაბმელი".

მიკედლებასთან დაკავშირებით:

"მიკედლება დაუშვებელი იქნება მხოლოდ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადასაგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების შენობებში (ანუ შიდა სივრცეში), ასევე, საბავშვო და სპორტული მოედნების, მეტროპოლიტენისა და ბაზრის ტერიტორიაზე. ამასთან, მიკედლების ადგილების დარღვევისათვის არასოდეს ყოფილა გათვალისწინებული ჯარიმა კანონპროექტით.

ასევე, მისი განმარტებით, თუ უპატრონო ძაღლი ან კატა აღმოჩნდება სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქში ან საავადმყოფოში ამ დაწესებულების მესაკუთრეები ასეთ შემთხვევაში არ დაჯარიმდებიან.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში კატის ან დეკორატიული ჯიშის მცირე ზომის ძაღლის აყვანაზე:

ეს შეზღუდვა მოქმედებს უკვე წლებია, სანქცია განსაზღვრულია 8 ლარის ოდენობით. კანონპროექტით უფრო მოქნილად არის ჩამოყალიბებული მოქმედი აკრძალვა, კერძოდ შესაძლებელი იქნება მცირე და დეკორატიული ცხოველის გადაყვანა ხელში აყვანით, ჩანთით, გადამყვანით ან საბელით (მეპატრონის სურვილის შესაბამისად), ხოლო დიდი ძაღლის შემთხვევაში აუცილებელი იქნება მოკლე საბელის გამოყენება.
 

3-ზე მეტი ცხოველის ყოლა საკუთრებაში:

2025 წლის 1 ივლისიდან ვეღარ ვიყიდით და კორპუსის ბინაში ვეღარ ვიყოლიებთ 3-ზე მეტ ძაღლს და კატას, ხოლო უპატრონო ან მიკედლებული ცხოველის მეპატრონედ რეგისტრაციის შემთხვევაში არანაირი შეზღუდვა არ იარსებებს. ამასთან, არანაირი თანხმობის საჭიროება მეზობლებისგან არ არის დადგენილი. მეზობლების თანხმობა საჭირო იქნება მხოლოდ ე.წ “თბილისურ ეზოში” ცხოველის მიკედლებისთვის, ისიც, მხოლოდ 2025 წლის 1 ივლისიდან მიკედლების შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ძალაში იქნება ცხოველთა რეგისტრაციის ერთიანი ელექტრონული ბაზა. პროექტით იკრძალება ცხოველების ე.წ “შემგროვებლობა”.

უპატრონო ცხოველის შეყვანა საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე, სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქში, საავადმყოფოში, საბავშვო და სპორტულ მოედანზე, ასევე კვების ობიექტებში:

"კანონპროექტით აღნიშნული შეზღუდვა არასდროს ყოფილა გათვალისწინებული. მოქმედი კანონმდებლობით წლებია აკრძალულია და ისჯება 8 ლარით პატრონიანი ცხოველის შეყვანა კვების ობიექტებში, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში. კანონპროექტით უფრო მოქნილად არის ჩამოყალიბებული მოქმედი აკრძალვა, კერძოდ შესაძლებელი იქნება მცირე და დეკორატიული ცხოველის შეყვანა ხელში აყვანით, ჩანთით ან გადამყვანით (მეპატრონის სურვილის შესაბამისად) ყველგან, გარდა იმ საზოგადოებრივი დაწესებულებებისა, რომლებიც თავად აკრძალავენ ცხოველის შეყვანას. გარკვეული აკრძალვა იმოქმედებს მხოლოდ პატრონიანი დიდი ძაღლების შემთხვევაში.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების, სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, საავადმყოფოების, კვების ობიექტების შიდა ტერიტორიებზე, საბავშვო და სპორტულ მოედნებზე, ასევე, იმ საზოგადოებრივ დაწესებულებებში, რომლის მეპატრონეებიც თავად აკრძალავენ პატრონიანი დიდი ზომის ძაღლის შეყვანას. ამ შემთხვევაში, ისინი ვალდებულნი იქნებიან საგანგებოდ განათავსონ ცხოველის მისაბმელი".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი