
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
როგორც რადიო თავისუფლება წერს, დოკუმენტი პარლამენტში 2023 წლის 22 დეკემბერს დარეგისტრიდა და მისი განხილვები კომიტეტებში უკვე დაიწყო.
კანონპროექტის მიხედვით, ლიცენზიის აღება სავალდებულო გახდება 63-ვე მუნიციპალიტეტში:
კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ საქართველოს 63 მუნიციპალიტეტიდან 34-ში არ იქნება საჭირო დამატებითი კადრების აყვანა, დანარჩენ 29 მუნიციპალიტეტში კი თანამშრომელთა რაოდენობა 48-ით უნდა გაიზარდოს.
საკანონმდებლო პაკეტი 6 კანონპროექტს მოიცავს, მათ შორის არის: „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, „საბიუჯეტო კოდექსი“, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“. დოკუმენტი მიღების შემთხვევაში 2025 წლის 1 ივნისიდან უნდა ამოქმედდეს. მანამდე მუნიციპალიტეტებმა ლიცენზიის გაცემის წესი უნდა შეიმუშაონ.
ტაქსის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც სავალდებულო გახდა ლიცენზიის აღება, თბილისის მერიამ 2018 წელს დაიწყო. ლიცენზია დაიყო A და B კატეგორიებად: თეთრი მანქანებით მგზავრების აყვანა შესაძლებელია დედაქალაქის ნებისმიერი წერტილიდან, B კატეგორიის ლიცენზიის მძღოლები კი მხოლოდ გამოძახების შემთხვევაში ემსახურებიან მგზავრებს.
იხილეთ ასევე: