
“ღმერთმა დიდხანს გვაცოცხლოს და 100 წლის განმავლობაში არ დაგვჭირვებოდეს სასაფლაო” – ასე უპასუხა აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის წევრმა შეკითხვას, დაახლოებით 10 წლის წინ დაწყებული სასაფლაოს მშენებლობის შესახებ.
ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს და წერს, რომ ტიტე აროშიძემ ამ მოკლე კომენტარის შემდეგ ინტერვიუ შეწყვიტა და კაბინეტში შეიკეტა.
ბათუმში ახალი სასაფლაოს გახსნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. თითქმის ათი წელია თვითმმართველი ქალაქის მერია სამუშაოების დასრულებას აანონსებს, თუმცა უშედეგოდ. თავდაპირველად პროექტის დასრულების ვადად 2017 წლამდე პერიოდი იყო დასახელებული.
ჩაქვში მდებარე 177 073 კვ.მ ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისთვის თავდაპირველად 3 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, თუმცა ხელშეკრულებაში ცვლილება რამდენჯერმე შევიდა, მათ შორის გაიზარდა თანხის მოცულობაც.
ერთ-ერთი ვერსიით, სასაფლაოს გახსნის პროცესს ტერიტორიის გეოლოგიურად არამდგრადობა აფერხებს. 2019 წელს „ბათუმის სასაფლაოების“ ხელმძღვანელმა თქვა, რომ მიწა უნდა “დაჯდეს”, რასაც მისი ვარაუდით დაახლოებით ორი წელი სჭირდებოდა. ამ ვადის გასვლის შემდეგაც საკითხი მერიამ ისევ მიივიწყა.
რაში დაიხარჯა მილიონები – ახალი სასაფლაოს მშენებლობის საქმეს აჭარის პროკურატურა წლებია იძიებს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ტიტე აროშიძემ უპასუხოდ დატოვა შეკითხვაც, რა ეტაპზეა გამოძიება.