მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გარშემო სკანდალია. ინფორმაციას მეუფე გიორგის დაქორწინების შესახებ, მეუღლის ოჯახი და ახლობლები არ უარყოფენ. მეტიც, მესტიაში ჩასულ ჩვენ გადამღებ ჯგუფს უდასტურებენ რომ გოგოს ოჯახი, განსაკუთრებით კი ეპისკოპოსის სიდედრი ნელი ნავერიანი, რომელიც მესტიის მერის მოადგილეა, მილოცვებს იღებს.
წყარო მესტიიდან გვიყვება, რომ მარეხი, იგივე მაგდა ჯაფარიძე უკვე რამდენიმე თვეა სინოდის წევრის, მღვდელმთავარი გიორგი ჯამდელიანის მეუღლე გახდა და თანაცხოვრება ერთად დაიწყეს. ამის შესახებ სმენიათ ადგილობრივებსაც.
თეოლოგები ამბობენ რომ ეს საეკლესიო წესდების დარღვევაა, რადგან ბერად აღკვეცილ მაღალ სასულიერო პირს - სჯულის კანონი ქორწინებაში ყოფნას კატეგორიულად უკრძალავს.
მეუფე გიორგი ჯამდელიანი ამტკიცებს რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და დაინტერესებული პირების მხრიდან მის მიმართ აგორებული ჭორი და შურისძიებაა.
იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება, რომ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა ცოლი მოიყვანა, ან ქალთან თანაცხოვრებაშია, მაშინ საპატრიარქოს უმძიმესი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. საგანგებოდ სინოდალური კომისია უნდა შეიკრიბოს და მღვდელმთავრებმა გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით უნდა მიიღონ- დატოვებენ თუ დაატოვებინებენ წმინდა სინოდს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მღვდელმთავრობას. მეუფე გიორგის კი არჩევანის გაკეთება მოუწევს - სასულიერო წოდება თუ საყვარელი ქალი.
ავტორი: ემა გოგოხია