
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს, ორბელიანების სასახლეში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, რამდენიმე ღონისძიება გაიმართება. მას სალომე ზურაბიშვილია და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
"ორბელიანების სასახლეში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, რამდენიმე ღონისძიება გაიმართება, რომლებსაც ერთი საერთო ხაზი - თავისუფლებისათვის ბრძოლა და ქვეყნის სიყვარული აერთიანებს.
ღონისძიება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან, ლიტერატურული ნაწილით გაიხსნება და მთლიანად დაეთმობა ქართველ მწერლებსა და გამომცემლებს.
ეკა ტოგონიძე, ნინია სადღობელაშვილი, კატო ჯავახიშვილი და ზვიად კვარაცხელია თავიანთ ნაწარმოებებს წარადგენენ და ისაუბრებენ როგორ გაიაზრა ქართულმა ლიტერატურამ საბჭოთა ოკუპაცია.
ორბელიანების სასახლეში გაიმართება კინოდოკუმენტალისტ გია ჭუბაბრიას ფილმის "გაფითრებული თებერვლის ლანდი" ჩვენება, ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი, "მოძრაობის თეატრი" საგანგებოდ ამ დღისთვის ოკუპაციის თემაზე შექმნილ პერფორმანსს წარადგენს," - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, სახელმწიფო უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.