
აჭარის სოფელ კვატიაში მეწყრის გააქტიურების საშიშროებაა. 1989 წელს გაცემულ გეოლოგიურ დასკვნებში წერია, რომ სოფელი კვატია გეოლოგიურად საშიშ ზონაში მდებარეობს და ეს ტერიტორია განსახლებას ექვემდებარება.
კვატიაში სულ 65 კომლი ცხოვრობს. პრობლემის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა ადგილობრივმა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს, თორნიკე რიჟვაძეს მიაწოდა და დახმარებაც სთხოვა, თუმცა, პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
ადგილობრივები კომისიის შექმნას და საკითხის დროულად შესწავლას ითხოვენ. მათი თქმით, აქამდე თუ სოფელში პატარ-პატარა ნაპრალები იყო, ახლა რაოდენობამაც იმატა და არსებული ნაპრალებიც გაფართოვდა, ზოგიერთ ადგილას მეწყრული პროცესებიც გააქტიურდა.
"სოფელ კვატიაში გააქტიურებულია მეწყრული პროცესები. ფაქტობრივად მიწის მასივი არის გახეთქილი და საფრთხის შემცველია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ დროული და სწრაფი რეაგირება იყოს და მოსახლეობა მაქსიმალურად მოარიდონ საფრთხეს" - ამბობს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე, მარად შავაძე
მისივე თქმით, იგივე მდგომარეობაა სოფელ გელაძეებშიც, ასევე ცენტრალი გზა არ აქვს რამდენიმე სოფელს.