
შეწყვიტეთ ონკოპაციენტების დეპორტაცია - მოძრაობა "კავშირი სიცოცხლისთვის" წარმომადგენლებმა ამ მოთხოვნით დღეს ავსტრიისა და გერმანიის საელჩოებს ოფიციალური წერილით მიმართეს.
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები დახმარებას ითხოვენ და ამბობენ, რომ მათ სურთ დიპლომატებს თავად აუხსნან რა პრობლემების წინაშე დგანან ონკოპაციენტები საქართველოში და როგორ უწევთ ქვეყნის იძულებით დატოვება გადარჩენისთვის.
"[ჯანდაცვის] მინისტრმა [ზურაბ აზარაშვილმა] ისე დაასრულა თავისი მოღვაწეობა ჯანდაცვის სფეროში, რომ მის მიერ გაცემული დაპირებები არ შესრულებულა. ხალხი ისევ ელოდება იმ მკურნალობას, იმ სერვისებს, რასაც ელოდებოდნენ მის გადადგომამდე. დღეს ჩვენ მოვედით ავსტრიის საელჩოში იმისათვის, რომ ვთხოვოთ ელჩს, ჩაიხედონ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ჯანდაცვის სისტემაში რეალურად და არ მოუსმინონ მხოლოდ მთავრობის მიერ გაცემულ დაპირებებს. მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს," - ამბობს ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი.
ცნობისთვის, ამავე მოთხოვნის შეტანას ორგანიზაციის წევრები სხვა ქვეყნის საელჩოებშიც გეგმავენ.