პოლიცია, სპეცდანიშნულების რაზმები და "ეფ ეს ბეს" თანამშრომლები - დღეს მოსკოვში სრული მობილიზაცია გამოცხადდა. პუტინის რეჟიმმა დედაქალაქის გარეუბანში მდებარე ბორისოვის სასაფლაოც კი დახურა სადაც ალექსეი ნავალნი დაკრძალეს. უპრეცედენტო ზეწოლისა და დაშინების მიუხედავად კრემლის მთავარი ოპონენტისა და ოპოზიციის ლიდერის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად ათასობით ადამიანი მივიდა.
რეჟიმი აკონტროლებდა ყველას და ყველაფერს. ვლადიმერ პუტინის მითითებით დილიდან კვლავ შეფერხდა ალექსეი ნავალნის გასვენება. არ იყო გამოყოფილი ტრანსპორტი, დაგვიანდა ტაძარში გადასვენება და პანაშვიდი. ყველგან სადაც ხალხი უნდა შეკრებილიყო წინასწარ დაამონტაჟეს ჭკვიანი კამერები მოქალაქეების ამოსაცნობად. ნავალნის მეუღლეს და შვილს არ მიეცათ უსაფრთხოების გარანტიები დაკრძალვაზე ჩასასვლელად. ბოლო ცნობებით პირდაპირ გასვენებაში ასობით მოქალაქე დააკავეს. სასაფლაო კი ახლაც ალყაშია და ოპოზიციის მოკლული ლიდერის საფლავთან აღარავის უშვებენ.
ავტორი: ზურა პეტროსიანი