ზურა ელიბაშვილი - პოლიციის დევნის მსხვერპლი | სტრასბურგის გადაწყვეტილება 8 წლის შემდეგ

გამოქვეყნდა:

პოლიციის ადევნების დროს გარდაცვლილი ზურა ელიბაშვილის საქმეზე, თავის დროზე, Post Factum-ის გუნდს რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიება აქვს მომზადებული. ეს არის შოკისმომგვრელი ისტორია იმაზე, თუ როგორ აედევნა 7 წლის წინ პატრულის ეკიპაჟი მოქალაქეს, რომელიც რაღაც ეტაპზე გაუჩინარდა, რამდენიმე დღის შემდეგ კი მისი ცხედარი მტკვარში იპოვეს.

წლების შემდეგ ამ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავისი ვერდიქტი გამოაცხადა. სტრასბურგის ინსტანციამ რეალურად დაადასტურა ის ხარვეზები, რაც გამოძიებაში პირველი დღეებიდან სახეზე იყო, და რაზეც ჩვენც, ჟურნალისტებიც მივუთითებდით სამართალდამცავ უწყებებს.

ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს გარდაცვლილი ოჯახისთვის კომპენსაციის გადახდაც დააკისრა და საქმის ხელახალი გამოძიება დაავალა, იმდენად, რამდენადაც თავდაპირველად ჩატარებულ ძიებას ყველა არსებითი საკითხი პასუხგაუცემელი დარჩა. მოხდა ისე, რომ ადევნების მხოლოდ ბოლო ეპიზოდი ჩანს ვიდეო კამერებში. აქ მოვლენები თბილისის ერთ სანაპიროზე ვითარდება, აი როგორ და რის გამო დაიწყო დევნა, უცნობია. მეორე სანაპიროზე განთავსებული არც ერთი კამერის ჩანაწერი საქმეში არ დევს, ისინი უბრალოდ გააქრეს.

უშუალოდ იმ პატრულ ინსპექტორებმა, რომლებიც უკვე ბელიაშვილის ქუჩაზე, მანქანიდან გადმოსულ ელიბაშვილს გაეკიდნენ, ძიებას გამაოგნებელი ჩვენება მისცეს. პირველმა თქვა, რომ მხედველობის პრობლემა ჰქონდა და ვერ დაინახა, საით წავიდა გარდაცვლილი. მეორემ კი თქვა, რომ არ იცის, სად არის მდინარე მტკვარი. მაშინ როცა ეს პატრულის ჯგუფი კონკრეტულად ამ უბანზე იყო მიმაგრებული. საქმის შესწავლა კი პროკურატურამ 8 თვის შემდეგ დაიწყო. მანამდე ძიებას შსს უძღვებოდა და ცხადია, ლეგიტიმურად ჩნდება შეკითხვები, ხომ არ მოხდა ისე, რომ გარკვეული ფაქტები განზრახ გააქრეს მასალებიდან.

ზურას სიკვდილის შემდეგ ოჯახი სრული შემადგენლობით ემიგრაციაში წავიდა. იმ ავბედით ღამესაც ელიბაშვილი აეროპორტში, დედის დასახვედრად მიდიოდა. საბოლოოდ კი მტკვარში აღმოჩნდა, როგორ, ვერავინ დაადგინა. ვერც იმ სამართალდამცველებმა, რომლებიც მას რამდენიმე მეტრით უკან მისდევდნენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი