უამრავი დრო და შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ აეღოთ მათთვის მნიშვნელოვანი ლიცენზია | კალაძის პასუხი ტაქსის მძღოლებს

გამოქვეყნდა:

ტაქსის მძღოლების მოთხოვნას კახა კალაძე პასუხობს და ამბობს, რომ ამ ადამიანებს უამრავი დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ კატეგორია აერჩიათ და მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი შეღავათით ესარგებლათ:

„რეგულაციები უკვე დაწესებულია. უამრავი დრო და შესაძლებლობა არსებობდა იმისთვის, რომ მძღოლებს ის კატეგორია გამოეყენებინათ და აეღოთ ტაქსის ის ლიცენზია, რომელიც მათთვის და ზოგადად ბიზნესისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი. ამასთან დაკავშირებით არაერთი განმარტება გაგვიკეთებია. ასე, რომ აღნიშნული პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე და გამართულია, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მომავალში კიდევ გვაქვს დაგეგმილი გარკვეული ცვლილებები, სიახლეების შემოტანა, რაც ვფიქრობ, ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ტაქსის მძღოლები რესპუბლიკის მოედანზე აქციას მართავენ. ისინი დამსაქმებელი კომპანიისგან სამუშაო და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, ხოლო მერიისგან ი A კატეგორიის ტაქსების მსგავსად, საავტობუსო ზოლში მოძრაობის უფლების მინიჭებას.

ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება, გარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა, აქვს სახანძრო, სამაშველო, სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ავტომანქანებს (როცა ჩართული აქვთ შესაბამისი ციმციმა). ასევე, ავტობუსის ზოლში გადაადგილება შეუძლიათ სასკოლო ავტობუსებს და მხოლოდ A კატეგორიის ტაქსების გარკვეულ ნაწილს მგზავრის აყვანა-ჩამოსმის მომენტში, თუ ამ დროს ხელს არ უშლიან ამავე ზოლში მოძრავ საზოგადოებრივ
ტრანსპორტს.

იმისთვის რომ A კატეგორიის, თეთრი ფერის ტაქსი გადაადგილდეს საავტობუსო ზოლში, ავტომანქანის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს. აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა 2023 წლის პირველი ივნისიდან, იმ ტაქსების რაოდენობა კი, რომლებიც აღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, თბილისში 3 500-ია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი