
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოდან გაუჩინარებულ არასრულწლოვნებს პოლიციამ მიაკვლია.
ფაქტს ადასტურებს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე 13 წლის გოგოს მამა, რომლის მტკიცებით, მისი შვილი მეზობელმა, 16 წლის ბიჭმა გაიტაცა.
ამ დროისათვის ორივე მათგანი საგარეჯოს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. არსებული ინფორმაციით, გოგო აცხადებს, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და ბიჭს მისი სურვილით გაჰყვა.
გოგოს ოჯახის წევრები ამბობენ, რომ არასრულწლოვანი თანასოფლელმა, 16 წლის არასრულწლოვანმა ბიჭმა 27 თებერვლის ღამეს, ეზოდან მოიტაცა.
ბავშვის მამის თქმით, არასრულწლოვანის ხელი თანასოფლელმა ჯერ კიდევ სამი თვის წინ სთხოვა, თუმცა ოჯახისგან უარი მიიღო. ბიჭის ნათესავები კი აცხადებდნენ, რომ გოგომ ბიჭს "ცოლად გაყოლა" თავად სთხოვა.
პოლიცია არასრულწლოვნებს 6 დღის განმავლობაში ეძებდა. სოფელ დუზაგრამის სკოლის დირექტორის თქმით, სადაც 13 წლის გოგო სწავლობდა, ბავშვი ბოლო კვირების განმავლობაში გაკვეთილებს არ დასწრებია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აქვს დაწყებული.
ავტორი: ია გულიაშვილი.