საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გიორგი მიქაუტაძის მიერ 29 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, რომ შარშან მას დედამ 50 ათასი დოლარი (დაახლოებით 130 ათასი ლარი) აჩუქა.
მიქაუტაძეს დედამ 100 000 დოლარი აჩუქა 2022 წელსაც. მშობლისგან დიდი ოდენობის თანხის მიღება დროში ემთხვევა სახლის მშენებლობის წამოწყებას. დეკლარაციის მიხედვით, 2022-2023 წლებში ამ მიზნით მათ 710 500 ლარი უკვე დახარჯეს. ამ დროისთვის კი მიქაუტაძის ოჯახის საკუთრებაშია 248 კვ.მ ბინა და ავტოფარეხები ვაკეში, მიწა წავკისსა და მიწები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.
მიქაუტაძის მიერ "რადიო თავისუფლებისთვის" მიწოდებული დოკუმენტით ირკვევა, რომ მოსამართლის დედა სს "ბახტრიონში" 2019 წლის 4 თებერვლიდან მუშაობს და თვის განმავლობაში შემოსავლის სახით 22 ათას ლარზე მეტს იღებს.
ცნობისთვის, მიქაუტაძემ სასამართლოში საქმიანობა წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. ის 2010 წელს უზენაეს სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს უფროს იყო. 2012-2019 წლებში კი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2017-2020 წლებში ის იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; 2019 წლის დეკემბრიდან კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეა. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მოიაზრება სასამართლო კლანის წევრად.
დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს სასამართლოში გიორგი მიქაუტაძის ხელფასი 134 911 ლარი იყო. მისი ცოლის, მაია კვირიკაშვილის კი 85 513 ლარი. კვირიკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2018 წლიდან მუშაობს.