რუსული ჰიბრიდული ომი, პროპაგანდა და დეზინფორმაცია მთავრობის სტრატკომის ყურადღების მიღმაა | Gnomon Wise-ის კვლევა

გამოქვეყნდა:

როგორ ებრძვის ხელისუფლება რუსეთიდან მომდინარე დეზინფორმაციასა და პროპაგანდას - Gnomon Wise მოამზადა კვლევა, რომელშიც მიმოხილულია საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების ისტორია, მისი სამართლებრივი და სტრუქტურული ჩარჩოები და პრაქტიკაში მათი განხორციელების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები. 

კვლევის მიხედვით, სახელმწიფო ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს ანტიდასავლური დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას და ხშირ შემთხვევაში, თავადაც ხდება მსგავსი გზავნილების გამავრცელებელი.

"სხვადასხვა სახელმწიფო უწყების სტრატეგიიდან თუ ანგარიშიდან ჩანს, რომ ხელისუფლება ნათლად ხედავდა და ხედავს იმ საფრთხეებს, რომლებსაც თანამედროვე ეპოქაში დეზინფორმაცია და პროპაგანდა უქმნის საქართველოს პროდასავლურ მისწრაფებებს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა (განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ) ერიდება ანტიდასავლური პროპაგანდის მთავარი წყაროს - რუსეთის ფედერაციის - პირდაპირ დასახელებას, მის სხვადასხვა უწყებას მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული აქვს ხედვა დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად. თუმცა ერთია, რა წერია სტრატეგიულ დოკუმენტებში და მეორე - რა კეთდება პრაქტიკაში...

საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე ხელმისაწვდომია დოკუმენტი მთავრობის სტრატკომის ფუნქცია-მოვალეობების შესახებ. ამ დოკუმენტის შინაარსი მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობის სტრატკომი თავის მთავარ ფუნქციად მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის აქტივობების წარმოჩენას, მათ იმიჯზე ზრუნვას, ე.წ. პიარს მიიჩნევს. სტრატკომის ძირითად ამოცანებში არ გვხვდება ანტიდასავლურ პროპაგანდასთან გამკლავების ამოცანა...

როგორც მთავრობის სტრატკომის Facebook-ის გვერდის მონიტორინგი გვიჩვენებს, იგი, ძირითადად, ფოკუსირებულია პრემიერ-მინისტრის ყოველდღიური აქტივობების გაშუქებასა და კრიტიკული ტელეარხების მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფაზე. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, გამოხმაურება ისეთ საკითხებს მოჰყვება, რომლებიც, მეტწილად, პრემიერისა და მთავრობის იმიჯს ეხება. ისეთი საფრთხეები კი, როგორებიცაა რუსული ჰიბრიდული ომი, პროპაგანდა და რუსული წყაროებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, რომლის მიზანიც საქართველოს პროდასავლური კურსის შეცვლაა, მთავრობის სტრატკომის Facebook-ის გვერდის ყურადღების მიღმა რჩება[...]

ამასთან, როგორც სტრატკომების მუშაობის კვლევა აჩვენებს, ვაწყდებით პოლიტიკური ნების ნაკლებობის თუ არარსებობის პრობლემასაც - როცა სახელმწიფო, რეალურად, ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს ანტიდასავლური დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას და ხშირ შემთხვევაში, თავადაც ხდება მსგავსი გზავნილების გამავრცელებელი. შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური ნების პირობებში, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტებს აქვთ საბაზისო ინსტიტუციური თუ სტრუქტურული გამართულობა, რათა დებულებით განსაზღვრული მიზნების შესასრულებლად იმუშაონ. ამდენად, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ სტრატკომების არაეფექტიანი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ ერთიანი მიდგომის, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი პოლიტიკური ნების უქონლობაა," - ნათქვამია კვლევაში.

ცნობისთვის, კვლევითმა ინსტიტუტმა სახელმწიფო პოლიტიკისთვის შეიმუშავა რეკომენდაციებიც, რომლებიც საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით არსებული ჩავარდნების მოგვარებაში დაეხმარება. 

Gnomon Wise-ის კვლევა სრულად და მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი