
ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, მახინჯაურის ცენტრის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარი გამოიყო. ამის შესახებ ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 595 მეტრია. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ კი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტენდერის პირობის მიხედვით, სამუშაოები 2024 წლის 21 ივნისამდე უნდა დასრულდეს.
მახინჯაურის ცენტრში მომავალი გზა ქობულეთის მხრიდან ბათუმში შემომავალი ერთადერთი ავტომაგისტრალის ნაწილია. მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურის პარალელურად, წვიმის დროს აღნიშნული ტერიტორია ხშირად იტბორება, რაც ტრანსპორტის მოძრაობის პარალიზებას იწვევს. პროექტის მიხედვით, სამუშაოები სანიაღვრე სისტემის [წყალმიმღები ჭების და სხვ.] მოწყობასაც ითვალისწინებს.
"დღეის მდგომარეობით არსებულ გზაზე არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, ქვეითების და საავტომობილო მოძრაობა ქაოსურია და საშიშროებას უქმნის როგორც ქვეითებს ასევე ავტოტრანსპორტს," - აღნიშნულია პროექტში.
პროექტის მიხედვით, გზის სავალ ნაწილზე კვლავ ასფალტის საფარი უნდა დაიგოს, უნდა გაკეთდეს ტროტუარები იმ ნაწილებში, სადაც არ არის, მოეწყოს ბორდიურები,ლითონის მოაჯირები, ე.წ. კუნძულები გზის სავალ ნაწილზე, უნდა დაიხაზოს ზებრა გადასასვლელები ქვეითებისთვის, დამონტაჟდეს შუქნიშნები და გარეგანათებები.
"ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2021 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (საავტომობილო გზების, ქუჩების მშენებლობა ან/და რეკონსტრუქცია ან/და მოდერნიზაცია ან/და რეაბილიტაცია) სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 3 მილიონი ლარის ოდენობით; აქედან საერთო ღირებულებით არანაკლებ 1 მილიონი ლარის სამუშაოები ერთი ხელშეკრულების ფარგლებში," – აღნიშნულია ტენდერის პირობებში.
აღნიშნულია, რომ რეაბილიტაციისას ტრანსპორტისთვის გზა სრულად არ ჩაიკეტება. სამუშაოების მიმდინარეობისას დაწესდება მოძრაობის სპეციალური რეჟიმი და განთავსდება შესაბამისი დროებითი საგზაო ნიშნები.
შესრულებული სამუშაოების საგარანტიო პერიოდი შეადგენს 12 თვეს; გარე განათებაზე საგარანტიო პერიოდი კი - 48 თვეს. წინადადებების მიღება 2024 წლის 21 მარტს დაიწყება და 26 მარტს დასრულდება.
ფოტო: "ბათუმელები"