"კანონდარღვევით შეაფერხეს სამუშაოები" | "ჯორჯიან მანგანეზის" პასუხი შუქრუთის მოსახლეობას

გამოქვეყნდა:

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუქრუთში, "რადიკალურმა ჯგუფებმა კანონდარღვევით შეაფერხეს სამუშაოები," - ამის შესახებ განცხადებას "ჯორჯიან მანგანეზი" ავრცელებს და მოსახლეობის პროტესტს პასუხობს. 

კომპანიის თანახმად, გადაკეტილია კოროხნალის მაღაროს შესასვლელი. შუქრუთის მაღაროზე გათიშულია ცენტრალური განიავების სისტემა, რამაც, მათი ინფორმაციით, საფრთხე შეუქმნა დასაქმებულთა ჯანმრთელობას. კომპანია წერს, რომ აღნიშნული ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რაც ისჯება კანონით.

"რადიკალურად განწყობილ ჯგუფს, რომელიც კომპანიას მოთხოვნებს უყენებს, კომპენსაცია უკვე აღებული აქვს. თანხები კერძო საკუთრების ინდივიდუალური შეფასების მიხედვით, სხვადასხვა წლებში ეტაპობრივად გაიცა. პროცესში ჩართული ადგილობრივები კი ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და წარმოაჩინონ, რომ კომპანიისგან კომპენსაციები არ მიუღიათ.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კომპანია ასაჯაროებს გაცემული თანხების ოდენობას. 2020-წლიდან სოფელ შუქრუთსა და პერევისაში ჯამში დაახლოებით 11 მილიონი ლარი გაიცა. კომპენსაციებით დაკმაყოფილების პროცესი დროებით გლობალურმა კრიზისმა შეაფერხა. მიმდინარე თვიდან კი თანხების გაცემა კატეგორიების მიხედვით განახლდა", - წერია კომპანიის განცხადებაში.

"ჯორჯიან მანგანეზი" პროცესის მონაწილეებს მოუწოდებს, არ შეაფერხონ როგორც კომპანიის ოპერირება, ასევე კომპენსაციების გაცემის პროცესი.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი