დევნილებისთვის ბინების განაწილება უსამართლოდ ხდება - ბინების შესყიდვისა და განაწილების კანონმდებლობასთან შესაბამისობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა და ხარვეზები გამოავლინა.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2020-2021 წლებს მოიცავს, დევნილ ოჯახებს შორის საცხოვრებელი ბინების არასამართლიანი განაწილების რისკი იკვეთება. ხშირ შემთხვევაში დევნილთა სამინისტრო და მასზე დაქვემდებარებული სააგენტო ბინებს არასამართლიანად ანაწილებს.
ასევე, აუდიტის მიხედვით ირკვევა, რომ ზოგიერთი დევნილი ოჯახი, რომელიც რამდენიმე საცხოვრებელს და უძრავ ქონებას ფლობს, სახელმწიფოსგან დამატებითი ბინის მიღების მოტივით, საკუთარ ქონებას ფორმალურად სხვაზე აფორმებს. ანგარიშში განხილულია კონკრეტული ოჯახის მაგალითი, რომელსაც სამოთახიანი ბინა გადაეცა.
აუდიტი რეკომენდაციებით მიმართავს სამინისტროს, რათა შეიმუშაოს თანაბარი კრიტერიუმები და სწორედ ასე მოხდეს დევნილებისთვის ბინების გადაცემა.
"მთავარი არხი" ესაუბრა ერთ-ერთ დევნილსაც, რომელიც უკვე 16 წელია საცხოვრებელ ფართს ელოდება. ის ამბობს, რომ იმის მიუხედავად, რომ სამი ინსტანციის სასამართლო მოიგო, ჯერ კიდევ მომლოდინეთა რიგშია. მან არ იცის, თუ როდის გადასცემს სახელმწიფო მის კუთვნილ ბინას.
"ბინას უკვე ველოდები 15-16 წელზე მეტია, რიგში ვდგავარ. უამრავჯერ იყო, რომ რიგში ჩაწერილი ვიყავი და მერე აღმოჩნდა, რომ აღარ ვარ რიგში, არ გეკუთვნის ჯერ ბინაო. შემდეგ უკვე გაბრაზებული წავედი სასამართლოში...როდესაც მივედი დევნილთა სამინისტროში საბუთებით მითხრეს, რიგში უნდა დაგაყენოთ მოგებულთა შორისო...სასამართლო დამტკიცების შემდეგ ქმარი გარდამეცვალა,ერთი ოთახი ჩამომაჭრეს, ოროთახიანის ნაცვლად ერთ ოთახიანი მომანიჭეს...ვდგავარ და ველოდები, როდემდე არ ვიცი," - ამბობს ერთ-ერთ დევნილი.