SJC: ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მაჩალიკაშვილის საქმეზე საქართველოს გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ცნობით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2024 წლის 11-14 მარტს ცინცაბაძის საქმეების ჯგუფის აღსრულების საკითხი განიხილა, რომელშიც მაჩალიკაშვილის საქმეც არის გაერთიანებული. მათი განმარტებით, ამ საქმეების ჯგუფი შეეხება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ მკვლელობის, წამებისა და არასათანადო მოპყრობის და მათი არაეფექტიანი გამოძიების საქმეებს, რომლებზეც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა დაადგინა.

"მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება იზიარებს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გაცხადებულ მოთხოვნებს ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების განხორციელებაზე. კერძოდ, მაჩალიკაშვილების ოჯახის სახელით, ჩვენი ორგანიზაცია უკვე 11 თვეა უშედეგოდ ითხოვს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან  გამოძიების განახლებას და ამ გზით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას, რომელმაც დაადგინა გამოძიების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ფუნდამენტური ხარვეზები ამ საქმეზე. ამ მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს წარვუგინეთ იმ მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩამონათვალი, რომელთა ჩატარება ახალი გამოძიების ფარგლებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ასევე, მოვითხოვეთ პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში მტკიცებულებების ფალსიფიცირებისა და განადგურების თაობაზე გამოძიების დაწყება",  - წერია განცხადებაში.

ორგანიზაცია ამბობს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამ მოთხოვნებს რამდენიმე თქვეა უპასუხოდ ტოვებს, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვებს აღნიშნული სამსახურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.

"მინისტრთა კომიტეტმა ღრმა შეშფოთება გამოხატა ცინცაბაძის საქმეთა ჯგუფში გაერთიანებულ რამდენიმე საქმეზე, მათ შორის, მაჩალიკაშვილის საქმეზე, გაჭიანურებული გამოძიების გამო და ხელისუფლებას მკაცრად მოუწოდა ყველა აუცილებელი ღონისძიების განხორციელებისკენ, მათი სწრაფად და ამომწურავად დასრულებისთვის. ასევე, კომიტეტმა სახელმწიფოს მოუწოდა, წარუდგინოს კომიტეტს აღნიშნული საქმეების გამოძიების პროცესში წარმოშობილი დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ გაერთიანებული ინფორმაცია. კერძოდ კი, კომიტეტმა სახელმწიფოს მოუწოდა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სწრაფად განიხილოს მაჩალიკაშვილის საქმის მასალები ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დასკვნების შესაბამისად და კომიტეტს და გარდაცვლილის ოჯახს აცნობოს გამოძიების განახლების გადაწყვეტილების შესახებ", - წერია განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, დაუყოვნებლივ განაახლოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება და უზრუნველყოს ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება. 

იხილეთ განცხადება სრულად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი