"სოციალური სამართლიანობის ცენტრი", საპატრიარქოსთვის დაფინანსების 35 მილიონით გაზრდის ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ეს წინასაარჩევნო პერიოდში ეკლესიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების საშუალებას წარმოადგენს.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის სეკულარიზმისა და თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპებთან.
"საბოლოოდ, 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპატრიარქოს და მისი დაქვემდებარებული ორგანიზაციების დაფინანსება ორჯერ მეტად გაიზარდა და ჯამში 67 მილიონ ლარს გადააჭარბა. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონიდან ყოველწლიური 25 მილიონი ლარით საპატრიარქოს დაფინანსების მიღმა, მთავრობის განკარგულებებით საპატრიარქოს და მის დაქვემდებარებაში მოქმედი ორგანიზაციების დამატებითი დაფინანსება მომავალ წლებშიც გაგრძელდება თუ არა, ბუნდოვანია", - წერია განცხადებაში.
ორგანიზაცია ასევე ამბობს, რომ მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (და არა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან, სარეზერვო ფონდებიდან) საპატრიარქოსთვის გადაცემული თანხების ოდენობამ 2002 წლიდან დღემდე 400 მილიონ ლარს გადააჭარბა.
"სახელმწიფოს მიერ საბიუჯეტო სახსრებიდან ეკლესიის დაფინანსების არსებული პრაქტიკა იმთავითვე პრობლემურია და გარდა იმისა, რომ არ შეესაბამება დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპებს, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წელს გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების პირობებთან", - წერია განცხადებაში.
ორგანიზაცია ასევე მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს მიერ ბიუჯეტიდან მიღებული ფინანსები ასევე არ ექვემდებარება სახელმწიფოს მხრიდან შემოწმებას და ანგარიშვალდებულებას, რაც ორმაგად ზრდის ამ რესურსების არაჯეროვანი მიზნებით გამოყენების რისკებს.
"ზემოთ წარმოდგენილი შეფასება რელევანტურია 2024 წლის 15 მარტის განკარგულების შეფასებისთვისაც. ნიშანდობლივია, რომ 35 მილიონი ლარის ოდენობის თანხების გადაცემა საქართველოს საპატრიარქოს ქვეშ მოქმედი სასწავლო დაწესებულებებისთვის განხორციელდა მთავრობის განკარგულებით და არა პარლამენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებების და დამატებების მიღების გზით, რაც რელიგიის თავისუფლების და თანასწორობის უფლებაში ჩარევის მაღალი სტანდარტის გათვალისწინებით, შეუსაბამო სამართლებრივი ფორმაა და თვითნებობის მაღალ რისკებს ატარებს.
მთავრობის 2024 წლის განკარგულების შემთხვევაში ასევე ბუნდოვანია, რატომ უნდა აფინანსებდეს სახელმწიფო საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მოქმედ კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომელთა შინაარსზე კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან სუსტია და ძირითად შემთხვევებში კონფესიური სწავლების პრაქტიკებს ატარებს.
აქვე ხაზგასასმელია, რომ ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო ისე, რომ არც კი იმსჯელა იმაზე, 35 მილიონი ლარის ოდენობის თანხა, რომელიც საპატრიარქოს გადაეცა, ზოგადი განათლების სისტემის რა მიმართულებებით მოაკლდება და შესაბამისად, მას რა გავლენა ექნება განათლების სისტემაში არსებულ ფუნდამენტურ საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურულ და სოციალურ გამოწვევებს", - წერია განცხადებაში.
სამართლებრივი და სოციალური არგუმენტების მიღმა, ორგანიზაციის შეფასებით, წინასაარჩევნო წელს საპატრიარქოს დაფინანსების რადიკალური ზრდა პოლიტიკურ მიზანს უფრო ატარებს და მას ეკლესიის ლოიალობის და საბოლოოდ რელიგიური სენტიმენტების მობილიზებით ელექტორალური მხარდაჭერის მოპოვების დანიშნულება აქვს.