ბოლო კვირების განმავლობაში ემანუელ მაკრონის მხრიდან რამდენჯერმე გაკეთდა განცხადება და მინიშნება იმაზე, რომ შესაძლოა საფრანგეთმა უკრაინაში ჯარისკაცები გააგზავნოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, შესაძლოა გარდამტეხი მომენტიც კი იყოს 21-ე საუკუნის ევროპის ისტორიაში. ჩვენ შეგვიძლია დაუსრულებლად ვიმარჩიელოთ იმაზე, როგორ გადაიქცა მაკრონი მტრედიდან მიმინოდ, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ საფრანგეთის ლიდერმა დაიწყო პირველმა საჯაროდ საუბარი იმაზე, რაც მანამდე ტაბუ იყო. რაშიც ბევრი ევროპელი ლიდერი საკუთარ თავსაც კი ვერ გამოუტყდებოდა.
გერმანიის პასიურობის, ბრიტანეთის საარჩევნო ციკლებისა და ტრამპის იზოლაციონიზმის შემყურე, შესაძლოა ჩავთვალოთ, რომ საარჩევნო ციკლისგან გათავისუფლებულმა მაკრონმა გლობალური გეოპოლიტიკისთვის მოიცალა. მაგრამ შეგახსენებთ, რომ ევროპის არმიის იდეასაც ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, სწორედ მაკრონი ლობირებდა. ამ ყველაფერს კი აქვს თავისი ლოგიკური ახსნა, რაზეც პასუხი საფრანგეთის სამხედრო დოქტრინაში უნდა ვეძიოთ - სახელწოდებით თეთრი წიგნი.