მასწავლებელი, რომელსაც მთელი სოფელი დაუპირისპირდა - გარდაბანში, გეოგრაფიის პედაგოგს, თანასოფლელებმა საჯარო სასამართლო მოუწყვეს, დააბულინგეს და ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.
ჰამიდ სადიხლის ბოდიშის მოხდა, ფეისბუქის ღია პოსტის გამო მოუწია, სადაც ნაადრევი ქორწინება გააპროტესტა.
ზეწოლის გამო ფეისბუქზე პოსტი აღარ იძებნება, თუმცა „მთავარმა არხმა“ ის ვიდეო მოიპოვა, სადაც გეოგრაფიის მასწავლებლს სოფელ თაზაქენდის ცენტრში საჯარო განკითხვა მოუწყვეს და მისი ღია პოსტის გამო უღირსი უწოდეს. სოფელში იყო მუქარაც და ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობაც.
ვიდეო ერთ-ერთმა ადგილობრივმა გადაიღო და მერე მოსახლეობაში გაავრცელეს იმის საჩვენებლად, როგორ იხდის მასწავლებელი საჯარო ბოდიშს.
მომხდარის გამო ჰამიდ სადიხლი უკვე 5 საათია, გარდაბნის პოლიციაში იმყოფება. თუმცა, როგორც მან „მთავარს“ განუცხადა, მისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე დაიბარეს.
სოფელ ქაფანახჩის სკოლის პედაგოგის საჯარო გაკიცხვას ფეისბუქ პოსტის გამო, აპროტესტებენ მის მეგობრები და სამოქალაქო აქტივისტები. მათი აზრით, დაუშვებელია, ადამიანი აზრის საჯარო გამოხატვისთვის იდევნებოდეს და მასწავლებელს სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით შეურაცხყოფა მიაყენონ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ის მნიშვნელოვან პრობლემაზე წერდა.
ახალგაზრდების თქმით, ჯერ კიდევ რჩება პრობლემად ნაადრევი ქორწინება, რის გამოც გოგოები ვეღარ აგრძელებენ სწავლას.
ჰამიდ სადიხლის მეგობრები მოითხოვენ, რომ მასწავლებლის ასეთი მორალური ზეწოლის გამო, ყველამ აგოს პასუხი და პოლიციაში ამ საჯარო განკითხვაში მონაწილე პირებიც გამოიკითხონ.