ბაკურიანში ზვავში მოყოლილ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენიც, თუმცა ამ ეტაპზე სტიქიის ეპიცენტრში ცოცხალი ძალა მუშაობს.
თოვლის მასაში ეძებენ გაუჩინარებულ შუა ხნის მამაკაცს. ჯგუფში, რომელიც ბაკურიანი-ტაბაწყურის დამაკავშირებელ ფერდობზე ბურანებით გადაადგილდებოდნენ, სულ 5 პირი იყო. სტიქიას 4 მათგანი გადაურჩა.
"ბაკურიანელები, 5 ადამიანი დღეს დილით ციხისჯვარის მიმართულებით ე.წ. ბურანებით იყვნენ წასულები, რა დროსაც ერთ-ერთ მთაზე მოწყდა თოვლის მასა და ერთი ადამიანი მოიყოლა. 4 ადამიანი სამშვიდობოსაა გამოსული, ხოლო ერთი კვლავ მოყოლილია თოვლის მასაში. ვინაიდან, ადგილი არის ფეხით მისასვლელად რთული, შსს-მ გამოაგზავნა ვერტმფრენი, შესაბამისი რაოდენობის მაშველები გადაყვანილები არიან ადგილზე, ამ მთაზე და საათზე მეტია მიმდინარეობს ძებნა-შველის სამუშოები." ამბობს სამცხე- ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი.
ინფორმაცია, რომ დიტო გოგოლაძე დაღუპული იპოვეს, ამ დრომდე ოფიციალურად არ დასტურდება. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც.