რუსული ინტერესები დაცულ ტერიტორიებში | ვინ ჩაიგდო ხელში ქვეყნის უნიკალური ნაკრძალები?

გამოქვეყნდა:

ბალდის კანიონი, სათაფლიის ნაკრძალი, პრომეთეს მღვიმე, მარტვილისა და ოკაცეს კანიონები - რა კორუფციული სქემა მოქმედებს საქართველოს დაცულ ტერიტორიებში და ვინ ჩაიგდო ხელში ქვეყნის უნიკალური ნაკრძალები?

"მთის ამბების" ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ დაცულ ტერიტორიებს 20, 35 და 40 წლით დაეპატრონა ჯგუფი, რომლის სათავეშიც "ქართული ოცნების" ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები დგანან. კერძოდ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე, ვალერიან მჭედლიძე და რუსეთში საქართველოს სექციის ხელმძღვანელად ახლახან დანიშნული მამუკა მერკვილაძე.

აღნიშნული გადაწყვეტილებები მჭედლიძის მიერ, მისი თავმჯდომარეობისას არის მიღებული.
თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ კი, მჭედლიძეს და მისი ოჯახის წევრებს მსხვილი წილები აჩუქეს, ნაწილი კი სიმბოლურ და შეღავათიან ფასებში გამოისყიდეს.

დღეისათვის ვალერიან მჭედლიძე წილებს ფლობს 7 კომპანიაში, კიდევ სამში წილის მესაკუთრე დედამისი ანი გიუნაშვილია, ორში მისი ცოლი, სოფო ნადირაძე. ამას გარდა, მჭედლიძე გერმანიის სახელმწიფოს მიერ საქართველოში დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის დაფინანსებულ მსხვილ პროექტს ხელმძღვანელობს, რომლის ბიუჯეტიც 16 მილიონ ევროზე მეტია.

"მჭედლიძეს ორ კომპანიაში წილი საჯარო სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ აჩუქეს, ყველაზე მსხვილში, წილის 50% 100 ლარად იყიდა, კიდევ სამში წილების სანაცვლოდ, პარტნიორთან ერთად, 2 170 000 ლარი გადაიხადა. ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, მჭედლიძეს ამ თანხის ნაწილიც არ უნდა ჰქონოდა. 2023 წლის თებერვალში მას და მის ცოლს, დანაზოგის ჩათვლით, სულ 34853 ლარი ჰქონდათ. მჭედლიძის დედას, ანი გიუნაშვილს წილები აჩუქეს 2 კომპანიაში, მესამეში 80 ათასი ლარი გადაიხადა. ანი გიუნაშვილი გორის ცენტრალური საავადმყოფოს „გორმედის“ რიგითი თანამშრომელია," - წერს "მთის ამბები."

რაც შეეხება მამუკა მერკვილაძეს, რომელიც რუსეთში ქართული დიასპორების ვიცეპრეზიდენტია,  ხელმძღვანელობს "სრულიად რუსულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას - "ქართული ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომია რუსეთში" და ახლო ურთიერთობები აქვს რუსეთის ხელისუფლებასთან.

"2023 წლის 23 იანვარს, გიორგი მერკვილაძემ, შპს „კანიონი 350“-ში დარჩენილი 50%-იანი წილიდან 35% აჩუქა მამუკა მერკვილაძეს, რომელიც რუსეთში ქართული დიასპორების ვიცეპრეზიდენტია, ხელმძღვანელობს „სრულიად რუსულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას - „ქართული ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომია რუსეთში“ და ახლო ურთიერთობები აქვს რუსეთის ხელისუფლებასთან. 2021 წელს, ის მონაწილეობდა მისივე ორგანიზაციის ინიციატივით, მოსკოვში გამართულ შეხვედრაში, სადაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის განახლებისა და უვიზო მიმოსვლის საკითხები განიხილებოდა. მამუკა მერკვილაძის ცოლი თამარ დუდუნია პუტინის ადმინისტრაციის ბიუჯეტით განათლებამიღებული ექიმი და მომღერალია. ვოკალურ კონკურსში გამარჯვებულ დუდუნიას პრიზი რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გადასცა. რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მამუკა მერკვილაძე, რუსეთში, შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელად დანიშნა," - წერს "მთის ამბები."

*ჟურნალისტური გამოძიება ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი