რა მდგომარეობაშია გელათის მონასტერში არსებული უნიკალური ღვთისმშობლის მოზაიკა - უმძიმეს ფოტოებს სოციალურ ქსელში ჩუბინაშვილის სახელობის კვლევითი ცენტრის მეცნიერ თანამშრომლები ავრცელებენ. ფოტოებში მკაფიოდ ჩანს, რომ ვითარება იმაზე უფრო დრამატულია, ვიდრე ამას საზოგადოება ელოდა.
"ევროპა ჩვენია სახლიას" წარმომადგენელი, თორნიკე ბარათაშვილი ამბობს, რომ მოზაიკა გარკვეულ სეგმენტებში კედელს 20 სანტიმეტრზეა მოშორებული.
"მოზაიკის მძიმე მდგომარეობას წლების მანძილზე უარყოფდა ხელისუფლების წარმომადგენლები და ძირითადი აქცენტი მაინც დასავლეთის მკლავის მხატვრობაზე იყო. იმ დონეზე არის მოზაიკის მდგომარეობა დამძიმებული, რომ ის გარკვეულ სეგმენტებში 20 სანტიმეტრზე კედელს არის მოცილებული . აქ საუბარია წელიწადზე, ერთი წლის ვადაზე, როდესაც მასზე უნდა განხორციელდეს კვლევითი სამუშაოები. ამიტომ ეს კიდევ უფრო ბურუსით მოცულს ხდის მის პერსპექტივას, რამდენად აქვს გელათის უნიკალურ მოზაიკას ერთი წელი იმისთვის, რომ შეინარჩუნოს თუნდაც ამჟამინდელი მდგომარეობა" - ამბობს თორნიკე ბარათაშვილი
შეგახსენებთ, უცხოელი ექსპერტების პირველადი დასკვნით, გელათში, ღვთისმშობლის მოზაიკაზე ამ ეტაპზე ნებისმიერი სამუშაოს დაწყება გამორიცხულია და მხოლოდ დაკვირვება უნდა გაგრძელდეს, რასაც მათივე თქმით, მინიმუმ 1 წელი დასჭირდება.