სექსისტური და ჰომოფობიური სიძულვილის ენის გამოყენება მწვავდება პოლიტიკურად ტურბულენტური ფაზების დროს | MDF-ის კვლევა

გამოქვეყნდა:

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ახალი ანგარიში - "სექსისტური ენა და გენდერული დეზინფორმაცია 2023" წარადგინა. მასში ნათქვამია, რომ ბოლო წლებში საჯარო სივრცეში აქტიური პირების წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტად გენდერული დეზინფორმაციაც იქცა, რომელიც ძირითადად ონლაინ სივრცეში ვლინდება და გენდერისა და დეზინფორმაციის ინტერსექციაზე აკეთებს აქცენტს, როდესაც ქალები, არაბინარული ადამიანები და საზოგადოების ისეთი მარგინალიზებული წევრები, როგიცაა LGBTQIA+ თემი, ყალბი და არაზუსტი ინფორმაციის სამიზნე არაპროპორციულად ხდებიან.

ანგარიში მოიცავს 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს. 

კვლევის მიხედვით, სექსისტური და ჰომოფობიური სიძულვილის ენის დინამიკაში ანალიზი აჩვენებს, რომ მისი ყველაზე მკაფიო გამოვლინებები პოლიტიკურად ტურბულენტურ ფაზებს უკავშირდებოდა. ამ მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2023 წლის მარტსა და ივლისში დაფიქსირდა, რაც მარტში (696) – „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან სამოქალაქო პროტესტს, ხოლო ივლისის თვეში (877) პრაიდის მხარდამჭერ კვირეულს უკავშირდებოდა. სექსისტური და ჰომოფობიური სიძულვილის ენის მაჩვენებელი ნოემბრისა (508) და დეკემბრის (502) თვეებშიც გაიზარდა, რაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს უკავშირდებოდა.

მედია მონიტორინგის მონაცემების ანალიზისას შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

  • სექსისტური შინაარსის შემცველი კომენტარების/პოსტების ყველაზე დიდი წილი, როგოც ტრადიციულ, ასევე, სოციალურ მედიაში პოლიტიკას უკავშირდებოდა და უმეტესწილად საქართველოს პრეზიდენტს და ოპოზიციონერ ქალ პოლიტიკოსებს, ასევე, ქალ აქტივისტებს და უფლებადამცველებს მიემართებოდათ.  
  • სექსისტური სიძულვილის ენის ექვსი ინდიკატორის ანალიზის მიხედვით, როგორც სოციალურ, ისე ტრადიციულ მედიაში ყველაზე მეტი შემთხვევა მორალური კრიტერიუმებით თავდასხმას უკავშირდებოდა და ყველაზე ხშირად მრუშობით შერცხვენას მიმართავდა. ტრადიციულ მედიაში კი ანტიფემინისტური და მიზოგინიური შინაარსის განცხადებებიც ჭარბობდა.
  • ფემინიზმი დასავლეთიდან თავსმოხვეულ მოვლენად წარმოჩინდებოდა, რომელიც კაცის ჩაგვრასა და ოჯახების დანგრევაზე იყო ორიენტირებული და ანგარებითი მოტივით მკვიდრდებოდა. ხდებოდა ფემინიზმის საკითხის ევროინტეგრაციასთან, კერძოდ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან მანიპულაციური დაკავშირება.
  • გენდერული სტერეოტიპები ამკვიდრებდა აზრს, რომ ქალები ისტერიულები, სექსუალურად დაუკმაყოფილებლები არიან, პოლიტიკოსი ქალების ქცევა გაუწონასწორებელია, ქალის ნდობა არ შეიძლება და საქმე კაცთან უნდა დაიჭირო,  ქართველი ქალის ადგილი კი ოჯახშია
  • პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ასპარეზზე აქტიური ქალები გარკვეულ შემთხვევებში თავდასხმის სამიზნეები მასკულინური თვისებების და ნაკლები ფემინურობის გამო ხდებოდნენ.
  • შედარებით ნაკლები იყო გარეგნული მახასიათებლებით, გონებრივი შესაძლებლობებით და ასაკობრივი ნიშნით დაცინვის შემთხვევები.
  • საქართველოს პრეზიდენტის, ოპოზიციონერი ქალების, უფლებადამცველების და საპროტესტო აქციების მონაწილეების დისკრედიტაციის მიზნით, ანონიმური სახელისუფლებო, გარკვეულ შემთხვევებში კი კონსერვატიულ მოძრაობასთან დაკავშირებული გვერდები, ხშირად ვიზუალურ მანიპულაციას იყენებდნენ და დასპონსორებული სახით ავრცელებდნენ.
  • თუ ანონიმური სახელისუფლებო ანგარიშები ოპონენტების წინააღმდეგ მეტწილად მორალური კრიტერიუმებით თავდასხმებს მიმართავდნენ, ოპოზიციურ პარტია ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ანგარიშები – გარეგნული მახასიათებლების ნიშნით დაცინვას.
  • ანონიმური გვერდების გარდა, სიძულვილის ენას ქალი კოლეგების მიმართ მმართველი პარტიის წარმომადგენელი კაცებიც მიმართავდნენ.
  • ანტიფემინისტური/მიზოგინური სიძულვილის ენის მხრივ კრემლისტური პარტიები (კონსერვატიული მოძრაობა, პატრიოტთა ალიანსი) და მედია (სეზონი ტვ), ასევე, სასულიერო პირები გამოირჩეოდნენ.

ასევე ანგარიშის მიხედვით, ქართველი პოლიტიკოსებისა და მათთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ მეტწილად სექსისტური შინაარსის დეზინფორმაციას (6) ვხვდებით, ჟურნალისტების წინააღმდეგ კი - როგორც ჰომოფობიურ (4), ასევე, სექსისტურს (3). 

"ქართველი პოლიტიკოსებიდან სლატშეიმინგის სამიზნე პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი იყო, რომლის წინააღმდეგ პორნოსაიტიდან აღებული ფოტოს დარედაქტირებული ვერსია მას შემდეგ გავრცელდა, რაც მან ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალა", - წერია ანგარიშში.

დეზინფორმაცია, რომელიც ქალი პოლიტიკოსების მორალური კრიტერიუმების ნიშნით გაკიცხვას ისახავდა მიზნად, ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სანა მარინის, ასევე, ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასის და ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის წინააღმდეგ გავრცელდა. რაც შეეხება მედიას:

ქართველი ჟურნალისტების წინააღმდეგ გავრცელებული სამივე გენდერული დეზინფორმაცია ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების ჟურნალისტებს შეეხებოდათ. სლატშეიმინგის ორივე შემთხვევა „მთავარი არხის“ და „ტვ პირველის“ ქალი ჟურნალისტების წინააღმდეგ გავრცელდა.

იხილეთ სრულად.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი