"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის, მილიონერი ბიზნესმენის შოთა შალელაშვილის ცოლი ტელევიზიას ხსნის

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის და მილიონერი ბიზნესმენის, შოთა შალელაშვილის ცოლმა, ირა ფიჩხაძემ, ტელე-რადიო კომპანია "ტვ 24“ იყიდა, - როგორც  ნეტგაზეთი წერს, ისინი მოლაპარაკებას აწარმოებენ არაერთ ცნობილ ჟურნალისტთან.

ირა ფიჩხაძემ "ტვ 24“  ვიქტორ მეძმარიაშვილისგან 50 000  დოლარად იანვრის ბოლოს შეიძინა. ამჟამად  "ტვ 24“ -ის დირექტორიც ირა ფიჩხაძეა. ტელევიზია საცდელ მაუწყებლობის დაწყებას აპრილის ბოლოს გეგმავს.

შოთა შალელაშვილი პარტია „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარეა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება. დეპუტატის სტატუსით შალელაშვილის ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2020 წელს აქვს შევსებული. აღნიშნული დეკლარაციის მიხედვით, მის საბანკო ანგარიშებზე რამდენიმე მილიონი ლარი ირიცხებოდა, ის ფლობდა რამდენიმე მილიონის უძრავ ქონებას საქართველოში, ისრაელსა და რუსეთში.

როგორც შოთა შალელაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, მისმა ცოლმა ტელევიზიის ყიდვის გადაწყვეტილება თავად მიიღო იმის გამო, რომ ქვეყანაში „ობიექტური ტელევიზია არ არსებობს“.

"კანონით აკრძალული აქვს პოლიტიკოსს, რომ რაღაც გეგმები ჰქონდეს ტელევიზიასთან დაკავშირებით. ჩემმა მეუღლემ შეიძინა, ახლა ავითარებს და ვნახოთ, სად გაგვიყვანს. ჩემი მეუღლე ძალიან ჭკვიანი ადამიანია და უყურებს ქვეყანაში რაც ხდება.

ქვეყანაში არ არსებობს ობიექტური ტელევიზია, ადამიანები ვერ იგებენ სად არის სიმართლე, თუ გადართავენ სახელისუფლებო ტელევიზიაში, მონტე კარლოში ვცხოვრობთ, თუ აქეთ გადმორთავენ და მეზობელმა საჩხერეში ვიღაცის მაისური მოიპარა, ეს არის ოპოზიციურ ტელევიზიების გაშუქება. გასაშუქებელი კარგი კარგად უნდა გაშუქდეს, ცუდი ცუდად. ობიექტური უნდა იყოს ტელევიზია" - ამბობს შოთა შალელაშვილი 

შალელაშვილის თქმით,  ოჯახის წევრის მიერ ტელევიზიის შეძენა, მის პოლიტიკურ გეგმებს არ უკავშირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი