შურისძიება ცოლად მოყვანაზე უარისთვის | როგორ და რა მიზეზით დააპატიმრეს ახალგაზრდა კაცი?

გამოქვეყნდა:

დრამა რომელიც პარტნიორი კაცის ციხეში გამოკეტვით დასრულდა. მას შემდეგ რაც ქალმა პარტნიორისგან დიმიტრი არუთინიანისგან ცოლობაზე უარი მიიღო, იმ მოტივით რომ მას ოჯახი ჰყავდა, ქალმა შურისძიება გადაწყვიტა. ჯერ სახლში მიუვარდა, მანქანა დაუზიანა, შემდეგ კი პოლიციაში უჩივლა. ქურდობის ბრალდებით დიმიტრი არუთინიანი უკვე  რამდენიმე დღეა ციხეშია.  ახლა მოღალატე ქმრის თავისუფლებისთვის მისი ცოლი იბრძვის, რომელიც ამბობს რომ ქმარს ღალატი აპატია და იბრძოლებს იმისთვის რომ მან საპატიმრო დატოვოს. 

დაზიანებულ მდგომარეობაში დახვდა  ქმრის ავტომობილი  ქალს, რომლის სახელს და გვარს მისივე თხოვნით არ ვასახელებთ. ამბის დეტალები ჩვენი რესპონდენტისთვის ძნელად მოსაყოლია, რადგან მის პირად ცხოვრებას ეხება. ის გვიმტკიცებს რომ დანაშაული მისი მეუღლის ყოფილმა მეგობარმა ქალმა ჩაიდინა. 

ქალი ამბობს, რომ მისი ოჯახის პირადს საჯაროდ არ გამოიტანდა რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. ყოფილ მეგობართან კონფლიქტის გამო მისი მეუღლე დააპატიმრეს და ახლა გამოგონილი ბრალდებით უნდა გაასამართლონ.

ყველაფერი  დიმიტრი არუთინიანსა  და მის მეგობარ ქალს შორის  არსებული კონფლიქტით  დაიწყო. როცა წლების ურთიერთობის შემდეგ კაცმა პარტნიორს ცოლად მოყვანაზე უარი უთხრა.  არუთინიანმა ქალს აუხსნა, რომ მათი ურთიერთობა არასერიოზული იყო, რის გამოც მეუღლესა და  შვილებს ვერ დატოვებდა. ამის მიუხედავად ქალი მეგობარ კაცს ცოლად  მოყვანას დაჟინებით სთხოვდა და დაკავებით ემუქრებოდა. 

ქალი გვიყვება რომ, ქმრის აღიარებიდან მალევე არუთინიანის ყოფილი მეგობარი ქალი მათ საცხოვრებელთან მივიდა ავტომობილი დააზიანა და კონფლიქტის პროვოცირება სცადა.  

ეს ამბავი 17 მარტს ღამით მოხდა. საქმის მასალებში წერია რომ  ნასვამ მდგომარეობაში მყოფი  ქალი მეგობარი მამაკაცის სახლთან  ცივი იარაღით მივიდა და  მისი  ავტომობილი დააზიანა - ბასრი საგნით დაკაწრა და უცენზურო  სიტყვები  დაწერა, დაჭრა საბურავები, მანქანას სახელმწიფო ნომრები  მოხსნა და შემთხვევის ადგილიდან  მოშორებით, დაუსახლებელ ადგილას გადაყარა. მომხდარის ყველა დეტალი ქალმა პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში აღწერა.

მთავარი არხის მოპოვებულ ჩვენებაში ქალი  იმ მიზეზებზე საუბრობს,  რის გამოც პარტნიორის  წინააღმდეგ შურისძიება გადაწყვიტა. ის დეტალურად აღწერს მასსა და ყოფილ პარტნიორს შორის მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას. 

დიმიტრი არუთინიანის დაკავების მიზეზი იურისტისთვის დაუსაბუთებელია. ადვოკატი ამბობს რომ საქმის მასალებში ამ ეტაპზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება არ დევს.  

ყოფილი პარტნიორის განცხადების საფუძველზე დაკავებული კაცი ახლა სასამართლო განხილვების დაწყებას საპატიმროში ელოდება.  დაკავებულის  ცოლი კი დარწმუნებულია რომ  მისი ქმარი მეგობარმა ქალმა შურისძიების მოტივითა და გამოგონილი ბრალდებით დააჭერინა. 

დიმიტრი არუთინიანის ყოფილ მეგობარ ქალთან დაკავშირებას ჩვენ რამდენიმე დღე ვცდილობდით. ქალმა არც ტელეფონზე გვიპასუხა და ვერც საცხოვრებელ მისამართზე მივაგენით. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი