
სოფლები - საბათლო, სამთაწყარო და ფიროსმანი სრულყოფილი წყალმომარაგებით ისევ ვერ სარგებლობენ იმის მიუხედავად, რომ შესრულებული სამუშაოებისთვის კომპანიას ბიუჯეტიდან უკვე 8.6 მლნ ლარი ჩაერიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, ხელშეკრულების დასრულების ვადა შვიდჯერ გადაწიეს, თუმცა შემსრულებელ კომპანიას პირგასამტეხლო საერთოდ არ დაკისრებია.
"ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ სამუშაოების დასრულებას შემსყიდველი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სპეციალურად აჭიანურებს. სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის, შპს საბას მეპატრონეები რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეები არიან. 2021-2022 წლებში ამ კომპანიამ ჯამში 90 მილიონი ლარის 13 ტენდერში გაიმარჯვა, აქედან 7-ში - უკონკურენტო გარემოში," - წერია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, დედოფლისწყაროს წყალმომარაგების პროექტი 2022 წელს უნდა დასრულებულიყო და მასში უკვე 9 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა უშედეგოდ.