
არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება და დაიწყოს გამოძიება აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეების სავარაუდო დანაშაულებრივ საქმიანობაზე.
"ვეხმიანებით ხელისუფლების უმოქმედობას აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეების მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ყოფილი მოსამართლის ვალერი ცერცვაძის კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობაზე.
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო ზემოხსენებული პირების სანქცირება მოახდინა, თუმცა საქართველოში არცერთ საჯარო უწყებას აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დრომდე არ დაუწყია გამოძიება. უფრო მეტიც, მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლება სავარაუდო დანაშაულებრივ საქმიანობაზე არათუ სამართლებრივ რეაგირებას არ ახდენს, არამედ სანქცირებულ მოსამართლეებს საჯარო მხარდაჭერას უცხადებს და ანტიდასავლური პროპაგანდის წარმოებით ცდილობს, დაარწმუნოს საზოგადოება ამ უმძიმესი ბრალდებების აბსურდულობაში.
„ქართული ოცნების“ მიერ სანქცირებული პირების მხარდაჭერა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ უარი განაცხადა ევროკომისიის ერთ-ერთი პირობის შესრულებაზე, რომელიც სასამართლოს მაღალი თანამდებობის მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას გულისხმობს .
ხელისუფლება, გარდა იმისა, რომ სანქცირებული მოქმედი და ყოფილი მოსამართლეების მფარველობით და გამოძიებაზე უარის თქმით არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, თავისი უმოქმედობით ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს" ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს 26 ორგანიზაცია აწერს.
ხელმომწერები: