მშვიდობიანი დემონსტრანტების დევნა ქუჩებში და ცემა პარლამენტის მიმდებარე ჩიხებში. ბოლო დღეებში ნიღბიანი სპეცრაზმელები განსაკუთრებული სისასტიკით სცემდნენ და აგინებდნენ ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და პოლიტიკოსებს. რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს აკავებდნენ უმიზეზოდ და როდესაც ნიღბიანების გარემოცვაში აღმოჩნდებოდნენ, იქ არ უმალავდნენ რომ მათი ცემაც და დაკავებაც პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდებოდა. რომ ისჯებოდნენ რუსული კანონის გაპროტესტებისთვის და იმისთვის რომ ოცნების წევრები გააკრიტიკეს.
რუსული კანონის მოწინააღმდეგეებსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფებს შორის დაპირისპირება 16 აპრილს, 21 საათსა და 45 წუთზე დაიწყო. დაპირისპირებაში მალევე შსს-ს სხვა დანაყოფებიც ჩაერთო. პარლამენტის უკანა შესასვლელიდან მომიტინგეების განდევნა პოლიციამ იქამდე დაიწყო, ვიდრე ამის შესახებ მოქალაქეებს "ქალბატონი ხმა" გააფრთხილებდა.
ლევან ბუდაღაშვილი ერთერთია მათ შორის ვინ პოლიციამ იმ ღამეს უმიზეზოდ დააკავა. ის იმ დროს აიყვანეს როცა ტერიტორიიდან გასვლას ცდილობდა. ბუდაღაშვილი იხსენებს რომ სპეცრაზმელებმა ის ჯერ ძირს დააგდეს შემდეგ კი სასტიკად გაუსწორდნენ.
ლევან ბუდაღაშვილი ამბობს რომ სპეცრაზმის აგრესიული ქმედებების გამო მან არაერთი დაზიანება მიიღო. ის დღემდე ვერ ხვდება რატომ გაუსწორდნენ სამართალდამცველები მომიტინგეებს, რადგან ზუსტად ახსოვს რომ დაშლის დაწყებამდე რუსული კანონის მოწინააღმდეგეები მხოლოდ საქართველოს სკანდირებდნენ.
ბუდაღაშვილის თქმით, მისი ცემა სპეცრაზმმა უკვე პოლიციის მანქანაში გააგრძელა და სწორედ იქ ნახა კაცი, რომელიც დაშლის ოპერაციას ხელმძღვანელობდა. ბუდაღაშვილი ამბობს რომ მასზე ფიზიკურად "ხარებამაც" იძალადა, ვიდეოც გადაუღო და მიანიშნა რატომ დაისაჯა.
სამართალდამცველებმა სასტიკად სცემეს უჩა ქემაშვილსაც. აქციის მონაწილეს დაზიანებები სხეულ სხვადასხვა ადგილას ეტყობა, თუმცა ყველაზე მძიმე ყელის არეში მიყენებული ტრავმაა. იხსენებს, რომ პოლიციელები იმიტომ გაუსწორდნენ, რომ ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძეს აგინებდა.
ძალადობის კვალი გელა ხასაიას ამ დრომდე ეტყობა, ჩატეხილი აქვს კბილი, უჭირს თავის მოძრაობა და მთელს ტანზე სისხლ ნაჟღენთები აღენიშნება.
16 აპრილს არაერთი დაზიანება მიიღო ირაკლი კუპრაძემაც. "ლელოს" გენერალური მდივანი იხსენებს, რომ ის იმ დროს აიყვანეს, როცა გონებადაკარგული მოქალაქის დახმარებას ცდილობდა. კუპრაძის თქმით სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს ჯერ სასტიკად სცემდნენ, იზოლატორებში კი თითქმის უგონო მდგომარეობაში გადაჰყავდათ.
სტუდენტი, 18 წლის სანდრო ჯოხაძე ევროპული მომავლის დასაცავად პარლამენტთან მეგობართან - თემო გოგოლაშვილთან ერთად საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მივიდა. სანდრო იხსენებს რომ დაკავებამდე პოლიციისთვის იმის ახსნას ცდილობდა, თუ რატომ იყო ხელისუფლების მიერ მეორედ ინიცირებული კანონი რუსული.
16 აპრილის ღამეს რუსული კანონის მოწინააღმდეგეები მხოლოდ პარლამენტის უკან არ დაუკავებიათ. "ხარებას" სპეცრაზმი ხალხს ქუჩა-ქუჩა დასდევდა და უსწორდებოდა.
კადრების სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ ბევრს ეგონა რომ დარტყმისას მიღებული დაზიანება დიმიტრი ბერიძისთვის შესაძლოა საბედისწერო ყოფილიყო. ახალგაზრდა კაცი გადარჩა თუმცა ახლა ტვინის შერყევა აქვს. დიმიტრი დარწმუნებულია რომ მასზე შური პარლამენტთან მომხდარი უთანხმოების გამო იძიეს.
"პუბლიკას" ჟურნალისტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას სცემეს. მას იმ კადრების გამო გაუსწორდნენ, სადაც სპეცრაზმელების მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტები იყო ასახული.
დაზარალებულები დარღვეული უფლებების აღსადგენად ბრძოლას აპირებენ. ბევრმა უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელმაც უკვე დაიწყო შესწავლა გაცდნენ თუ არა სამართალდამცველები კანონის ფარგლებს.