ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება 2 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს | სამინისტროს თქმით, კონტროლი მკაცრდება

გამოქვეყნდა:

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს და მოქალაქეებს ახსენებს, რომ ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა.

სააგენტოს თქმით, სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1 000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.

უწყება ასევე აღნიშნავს, რომ ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.

"კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკრძალულია. ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ დაარღვევენ კანონს. თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე მკაცრი სანქციები გატარდება," - აცხადებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე.

სატყეო სააგენტო კი განმარტავს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს. გარდა პათოგენური სოკოსა, კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებს დიდ საფრთხეს უქმნიდა ინვაზიური მავნებელი - ბზის ალურა.

"ეროვნული სატყეო სააგენტო მართვას დაქვემდებარებულ ტყის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული კოლხური ბზის კორომებში კომპლექსურ ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს, რაც, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის გარდა, სახეობის საკონსერვაციო ქმედებებსაც მოიცავს. მნიშვნელოვანია, რომ წლების განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირებულია," - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი