ქუთაისში, საკონსტიტუციო განხილვაზე მისული აქტივისტი გაუჩინარდა. მიხეილ მუმლაძეს ოჯახი და მეგობრები უკვე სამი საათია ეძებენ. მისი კვალი კი არსად ჩანს. რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტის მეუღლე "მთავართან" ყვება, რომ ბოლოს როცა ქმართან კომუნიკაცია ჰქონდა, უთხრა, რომ ის სამართალდამცველების ალყაში იყო და პოლიცია მისი ტერიტორიიდან გაყვანას ცდილობდა.
"მიშო იყო სახალხო შეხვედრაზე, რომელიც იმართებოდა ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში და წესით, მას ჰქონდა უფლება შესვლის. ვესაუბრე და მითხრა, რომ დგას, მაგრამ თავს ესხმის პოლიციელები და არ აცლიან შესვლას. ვუთხარი, რომ მოვდივარ, მშვიდად იყავითქო, მაგრამ მას შემდეგ არ ჩანს და უკვე სამ საათზე მეტია ვეძებთ. ტელეფონი არ იყო გამორთული 2 საათი, მაგრამ 2 საათის შემდეგ სავარაუდოდ დაჯდა და გამორთულია. ყურმილს არ იღებდა, ვრეკავდით. მათ ერთი კაცისაც კი ეშინიათ და შესაბამისად, არ სურდათ, რომ იქ ვინმე ყოფილიყო, ვინც კრიტიკულ კითხვას დასვამდა" ამბობს მუმლაძის მეუღლე.
ერთ ერთი აქტივისტის თქმით, მათ სურდათ მესხიშვილის თეატრში შეკრებილი რუსული კანონის ავტორებისთვის ხმამაღლა ეთქვათ სათქმელი - არა რუსულ კანონს - "ბოლო ინფორმაცია რაც გვაქვს, ცალკე იდგა შადრევანზე და მივარდნენ პოლიციელები და წაიყვანეს" - ამბობს აქტივისტი
შეგახსენებთ, "ოცნებამ" ჰომოფობიური შინაარსის საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა დღეს ქუთაისიდან დაიწყო.
"მთავარის" ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დააკავეს და სასამართლოში გადაიყვანეს.
[ფოტო - მუმლაძის მეუღლე]